საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა განათლების მომავალი მენეჯერებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს, როდესაც განათლების სისტემის განვითარება ქვეყნის მდგრადი პროგრესისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ისეთ პროფესიონალებზე, რომელთა კომპეტენციაც ხარისხის მენეჯმენტს მოიცავს. მიუხედავად ამ მაღალი მოთხოვნისა, ბაზარზე ამ მიმართულების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის დეფიციტია, რაც განათლების სფეროსათვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

სწორედ ამ საჭიროებაზე საპასუხოდ, საქართველოს უნივერსიტეტმა განათლების მენეჯმენტის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა წარადგინა, რომელიც პირველია განათლების მენეჯმენტის მიმართულებით. ქართული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც უმეტესწილად განათლების ადმინისტრირების პროგრამები გვხვდება, ეს ინოვაციური პროგრამა გამორჩეულია როგორც მიმართულებით, ასევე სწავლების მეთოდოლოგიით. ის ითვალისწინებს თანამედროვე გამოწვევებს და პირდაპირ პასუხობს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საჭიროებას.

საქართველოს უნივერსიტეტის ახალ სამაგისტრო მიმართულებაზე Entrepreneur პროგრამის თანახელმძღვანელებს, არჩილ ჯანგირაშვილს და რევაზ ტაბატაძეს ესაუბრა.

არჩილ ჯანგირაშვილი პროფესიით იურისტია და განათლების ხარისხის მართვის მიმართულებით 13-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი კარიერა მოიცავს როგორც საერთაშორისო აკრედიტაციებს, ისე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის მართვის პროექტებს. პარალელურად, ის კითხულობს ლექციებს განათლების სამართალში.

რევაზ ტაბატაძე განათლების სფეროში 12 წელია მუშაობს. ის აკრედიტაციის ექსპერტია – როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ფლობს ორ დოქტორის ხარისხს ლინგვისტიკისა და განათლების მიმართულებით, ხოლო მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია ისეთ გავლენიან აკადემიურ ჟურნალებში, როგორებიცაა, მაგალითად, ოქსფორდისა და კარლის უნივერსიტეტების გამოცემები.

რას გულისხმობს საქართველოს უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამა და რამ განაპირობა მისი შექმნა?

არჩილ ჯანგირაშვილი: "მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არ არის მკაფიო აღქმა თუ რა განსხვავებაა განათლების მენეჯმენტსა და განათლების ადმინისტრირების პროგრამებს შორის. ადმინისტრირების პროგრამები უკვე მრავლად არსებობს საქართველოში, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით, მაშინ, როცა განათლების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა პირველად შეიმუშავა სწორედ საქართველოს უნივერსიტეტმა. ამ პროგრამის მიზანია არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესების ადმინისტრირება, არამედ მთლიანად უნივერსიტეტების, სკოლებისა და პროფესიული განათლების დაგეგმვა, განათლების პოლიტიკის ფორმირება და ხარისხის უზრუნველყოფა. ჩვენი ფოკუსი ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადებაა – გვინდა, გავზარდოთ განათლების ხარისხის პროფესიონალი მენეჯერები".

რევაზ ტაბატაძე: "პროგრამა შეიქმნა დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით; შესაბამისად, განისაზღვრა ის ცოდნა და უნარები, რაც პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა გააჩნდეს. პროგრამის ფარგლებში გენერირებული ცოდნა და უნარები საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ყველა იმ ორგანიზაციაში, სადაც საჭირო ხდება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კომპეტენციის მქონე თანამშრომლები."

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი?

არჩილ ჯანგირაშვილი: "ეს კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს მომავალში გახდეს ხარისხის მენეჯერი ან ამ მიმართულების სპეციალისტი. შესაძლოა, ეს იყოს ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, ან განათლების სფეროში უკვე დასაქმებული პროფესიონალი, რომელსაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება. წინარე პროფესიული გამოცდილება ან სპეციალური ცოდნა აუცილებელი არ არის – მთავარია სტუდენტს ჰქონდეს სურვილი, მოტივაცია და მზადყოფნა, რომ წარმატებით დაეუფლოს განათლების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მასალას."

როგორ ერთიანდება თეორია და პრაქტიკა სამაგისტრო პროგრამაში?

რევაზ ტაბატაძე: "ჩვენს პროგრამაში პრაქტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სასწავლო კურსების კრედიტების ნაწილი სწორედ პრაქტიკულ კომპონენტს ეთმობა – სტუდენტები, მათი ინტერესებისა და სურვილის შესაბამისად, გადიან პრაქტიკას საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, იქნება ეს სკოლა, უნივერსიტეტი თუ პროფესიული სასწავლებელი, სადაც შეძლებენ აკუმულირებული თეორიული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენებას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტრადიციული პროგრამებისგან განსხვავებით, სადაც მაგისტრანტი ვალდებულია იმუშაოს სამაგისტრო ნაშრომზე, ჩვენ სტუდენტს ვაძლევთ შესაძლებლობას, შეარჩიოს რეალური პრობლემა და დაწეროს პროექტი. ცხადია, არსებული მიდგომით ვამზადებთ სტუდენტს მომავალი წარმატებული პროფესიულ საქმიანობისთვის".

რა უნარების განვითარებაზეა პროგრამა ფოკუსირებული?

არჩილ ჯანგირაშვილი: "განათლების მენეჯერებს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიულ ცოდნასთან ერთად სჭირდებათ ისეთი უნარები, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკებების ეფექტიანად წარმართვა, დაკვირვების და ანალიზის უნარი. მენეჯერს უნდა შეეძლოს მოსმენა, საჭირო დროს კომპრომისზე წასვლა და იქ, სადაც საჭიროა, სიმკაცრის გამოჩენაც. ჩვენი პროგრამა არამხოლოდ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემაზეა ორიენტირებული, ასევე ხელს უწყობს პიროვნული უნარების განვითარებას.

თანამედროვე მენეჯერს სჭირდება მუდმივი განვითარება და სიახლეების ცოდნა. აუცილებელია, რომ ის ფეხდაფეხ მიჰყვებოდეს ტრენდებს, ესმოდეს, როგორ ცვლის ტექნოლოგიური პროგრესი – მათ შორის ხელოვნური ინტელექტი – განათლების სფეროს და ზოგადად სამყაროს. ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კურსი, რომელიც სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებს ეძღვნება. აქ სტუდენტები არ სწავლობენ პირდაპირ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, არამედ უღრმავდებიან იმ პროცესს, როგორ ცვლის AI გარემოს და როგორ უნდა ადაპტირდნენ ამ ცვლილებებთან."

რას გვეტყვით აკადემიურ პერსონალზე იმ პროფესიონალებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სამაგისტრო პროგრამაში?

რევაზ ტაბატაძე: "პროგრამის განმახორციელებელ პერსონალს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. სწორედ დაგროვილი გამოცდილება და პროფესიული კონტაქტები გახდა აღნიშნული პროგრამის შექმნის საფუძველი. გვაქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები იმ წამყვან სპეციალისტებთან, რომლებიც განათლების სფეროში აქტიურად მუშაობენ – როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ისინი ჩაერთვებიან პროგრამის იმპლემენტაციის პროცესში".

როგორია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობა?

არჩილ ჯანგირაშვილი: "საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მემორანდუმების ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მრავალფეროვან შესაძლებლობებს – ცხადია, ეს მხარდაჭერა ვრცელდება ჩვენს სამაგისტრო პროგრამაზეც. სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ იმ პარტნიორი უნივერსიტეტების სიით, რომლებთანაც აქტიური თანამშრომლობა გვაქვს."

თქვენ ახსენეთ, რომ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. როგორ უზრუნველყოფთ, რომ მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს არა მხოლოდ ადგილობრივ მოთხოვნებს, არამედ საერთაშორისო სტანდარტებსაც?

არჩილ ჯანგირაშვილი: "თუ გადახედავთ განათლების სფეროში არსებულ გლობალურ ვაკანსიებს, ნახავთ, რომ განათლების მენეჯერებზე დიდი მოთხოვნაა თითქმის ყველგან. როდესაც ამ პროგრამაზე ვმუშაობდით, დეტალურად გავაანალიზეთ საერთაშორისო ვაკანსიების ძირითადი მოთხოვნები და გამოვყავით ის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც რეალურად მოეთხოვებათ ხარისხის მენეჯერებს. მოკლედ რომ ვთქვათ, განათლების მენეჯერს მუდმივად უნდა ედოს ხელი ორგანიზაციული განვითარების პულსზე – უნდა ჰქონდეს უნარი, გააანალიზოს, თუ როგორ მოქმედებს ნებისმიერი ინიციატივა ან პროექტი დროისა და სივრცის ჭრილში და როგორ აისახება ის მთლიანად ორგანიზაციაზე. ეს არის ის უნარი, რომელსაც დამსაქმებლები ეძებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ჩვენი პროგრამის მიზანი სწორედ ამ პროფესიული კომპეტენციების განვითარებაა. გარდა ამისა, ეს კურსი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, იმუშაონ არა მხოლოდ განათლების სექტორში, არამედ სხვა ინდუსტრიებშიც, სადაც საჭიროა ხარისხის მართვა.

რამდენადაც განათლების ხარისხის მენეჯმენტი ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ რგოლად იქცა თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კვალიფიციური თანამშრომლების მობილიზებაში. პროფესიონალების რესურსი კი თავისთავად დადებითად აისახება განათლების სექტორის განვითარებაში.

ინდუსტრიული ტრენდები

EdVizio — საერთაშორისო განათლების მრჩეველი საკონსულტაციო კომპანია

პროფესიონალური და სანდო მხარდაჭერა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის