Wildness – სამოსი, რომელიც უთქმელი ემოციებისა და დაუწერელი ისტორიის შესახებ გვიყვება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Wildness-ის ერთ-ერთი მთავარი იდეა და სლოგანი არის Together in the wild, რაც ერთად მოძრაობას, ქაოსურ და ზოგჯერ ველურ, გიჟურ გარემოში ცხოვრებას გულისხმობს, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით.

"გარდა იმისა, რომ ვაწარმოებთ ყოველდღიურ ტანსაცმელს, რომლის შეხამებაც შესაძლებელია სხვადასხვა სტილის ჩაცმულობასთან, ჩვენს ბრენდს დიდი შინაარსობრივი დატვირთვა აქვს.

Wildness თვითგამოხატვის პრობლემის გადაჭრას ცდილობს. ბრენდი არის მათთვის, ვინც ვერ ან არ გამოხატავს იმას, რასაც გრძნობენ. იქნება ეს ტრავმები, შიშები, ტკივილები, აზრები თუ ფიქრები, სტერეოტიპები, სისუსტეები და ა.შ. Wildness-ის მიზანია სამოსით, სხადასხვა ფერით, წარწერით თუ ილუსტრაციით ადამიანებს უთქმელი გრძნობების გამოხატვაში დაეხმაროს. Wildness არის გაბედული, თავისუფალი, გიჟური მოძრაობა", – მელისა ბოლშაკოვა, Wildness-ის დამფუძნებელი.

როგორც მელისა გვიყვება, Wildness-ის დაარსების იდეა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, 2 წლის წინ გაუჩნდა. მას სურდა ისეთი ღირებული პროდუქტი შეექმნა, რომელთანაც ღრმა ემოციური კავშირი ექნებოდა. ხოლო მომხმარებლებს იმ ემოციების გამოხატვაში დაეხმარებოდა, რაზეც ისინი ხმამაღლა არ საუბრობენ.

"ვიფიქრე, რომ ტანისამოსი ამ გრძნობების გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მარტივი გზა იქნებოდა. ქართულ ბაზარზე ახალგაზრდებისთვის ძალიან ბევრი ტანსაცმლის ბრენდია, თუმცა მათ მომხმარებლებთან ემოციური კავშირი არ აქვთ. სწორედ ამიტომ მინდოდა, ახალი გამოცდილება შემომეტანა.

ჩემი ბიზნესის დაწყება საკმაოდ რთულ და ქაოსურ დროს დაემთხვა, რაც უარყოფითად მოქმედებდა ჩემს განწყობასა და მოტივაციაზე, თუმცა ეს გარემო დაგვეხმარა, საკუთარ თავში ძალა გვეპოვა, რადგან ადამიანებს კიდევ უფრო მეტად ვჭირდებოდით.

ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა დიდი გამოცდილება და ბევრ რამეს მარტივად უყურებდა, იყო ქართული ბაზრის არცოდნა.

ბიზნესის დაწყება ყოველთვის მარტივი მეჩვენებოდა, ვერ ვხედავდი დაბრკოლებასა და წინაღობას, სანამ ამ საქმის კეთება არ დავიწყე. მაშინვე გამოჩნდა ჩემთვის მოულოდნელი დაბრკოლებები, რაც უკავშირდება საქართველოს ბაზარს, იქნებოდა ეს ქსოვილი, კარგი მკერავები, წარმოების ფასი თუ სხვა. იყო მოულოდნელი გამოწვევებიც, რომლის წინასწარ პროგნოზირებაც ძალიან რთული ან შეუძლებელი იყო. თუმცა ყოველთვის ვცდილობდი, გამოსავალი მეპოვა და სიმშვიდე შემენარჩუნებინა.

როგორც უკვე ვთქვი, ბრენდი მთლიანად ადამიანების ინტერესებზეა მორგებული. შთაგონებასაც სწორედ ადამიანები და მათთან კომუნიკაცია მაძლევს. თუნდაც ბარში ან ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ახალგაზრდაა შეკრებილი, მათი გაცნობა და მათი ისტორიების მოსმენა შთამაგონებს. ვცდილობ, ემპათიური ვიყო, რაც ჩემი საქმის კეთებაში მეხმარება და Wildness-ის სათქმელს უკეთ გამოვხატავ".

როგორც მელისა აღნიშნავს, ბრენდს წინ დიდი გეგმები აქვს, თუმცა ამაზე წინასწარ არ საუბრობს. უახლოესი წლის განმავლობაში კი Wildness აპირებს კოლექციისა და კონტენტის განვითარებაში რესურსი მაქსიმალურად გამოიყენოს და საზოგადოებრივი ცნობადობა კიდევ უფრო აამაღლოს.

ინდუსტრიული ტრენდები

EdVizio — საერთაშორისო განათლების მრჩეველი საკონსულტაციო კომპანია

პროფესიონალური და სანდო მხარდაჭერა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის