გირჩევთ წაიკითხოთ: რობერტ გრინის "ძალაუფლების 48 კანონი"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რობერტ გრინის "ძალაუფლების 48 კანონი" ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და პოპულარული წიგნია თანამედროვე პოლიტიკის, ბიზნესისა და სოციალური ურთიერთობების შესახებ.
წარმოიდგინეთ, რომ ჭადრაკს თამაშობთ – ეს წიგნი კი გეხმარებათ წინასწარ იფიქროთ, შეაფასოთ, შეამჩნიოთ საფრთხეები და სწორი სვლა გააკეთოთ, რათა თავი დაიცვათ მათგან, ვინც ზიანის მიყენებას ცდილობს და იმოქმედოთ ისე, რომ არ დაკარგოთ თავი. ავტორი გვთავაზობს თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, ძალაუფლების წარმატებით გამოყენება მოითხოვს სიმშვიდეს, მოთმინებას, სტრატეგიას და ხშირად მანიპულაციასაც.
ეს წიგნი შეიძლება ბოროტადაც იქნას გამოყენებული, რადგან ადამიანებზე მანიპულირების ტექნიკებზეა ორიენტირებული, რაც ნამდვილად შორს არის ჯანსაღი მორალისგან. თუმცა, თუ იცით როგორ შეიძლება ამ კანონების გამოყენება ისე, რომ ორივე მხარემ – როგორც თქვენ, ისე "სამიზნე" ადამიანმა – სარგებელი მიიღოს და მისგან ამაზე თანხმობას მოიპოვებთ, შესაძლოა გადაურჩეთ შინაგან მორალთან წინააღმდეგობებს, თუმცა, ესეც ინდივიდუალური საკითხია.
წარმოდგენილი შეგონებები და კანონები განხილულია სხვადასხვა ისტორიულ, ფილოსოფიურ, მითოლოგიურ თუ ლიტერატურულ კონტექსტში. მაგალითად, ავტორი მოიხმობს მაკიაველის, სუნ ძის და კარლ ფონ კლაუზევიცის ფილოსოფიურ ხედვებს, რაც წიგნს უფრო საინტერესოსა და ინფორმაციულს ხდის. ასევე, აღსანიშნავია გრინის თხრობის სტილიც, რაც საკმაოდ მარტივად წასაკითხი და ჩამთრევია, ამდენად მოცულობითი წიგნისთვისაც კი.
ერთ-ერთ მაგალითად მოხმობილ ისტორიაში აღწერილია ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომელსაც სურდა, საფრანგეთის მომავალი მეფის ცოლი გამხდარიყო, რათა ეკონომიკური ძალაუფლება და გავლენები მოეპოვებინა. მან შეისწავლა მეფის ყველა გატაცება და ინტერესი, მასთან შეხვედრისას კი ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინა, თითქოს მათ ძალიან ბევრი საერთო ჰქონდათ – შესაბამისად, მომავალი მეფე ამით ძალიან მოიხიბლა და ქალბატონის გეგმაც წარმატებით შესრულდა.
ამ ისტორიის უფრო საინტერესო დეტალებს და მასთან დაკავშირებულ კანონს წიგნში გაეცნობით.
"ძალაუფლების 48 კანონი" გამოცემის დღიდან უწყვეტად აქტუალურია და მკითხველისა და კრიტიკოსებისგან ძალიან არაერთგვაროვან შეფასებას იღებს. ფაქტია, წიგნი არავის ტოვებს გულგრილს – მას ან აღფრთოვანებით კითხულობენ, ან მკაცრად აკრიტიკებენ.
ფაქტია, რობერტ გრინის ეს ნაწარმოები უდავოდ გავლენიანი და პროვოკაციულია. მისი შეფასება მკითხველის ღირებულებებზეა დამოკიდებული: თუ ძალაუფლების მექანიზმებსა და სტრატეგიულ აზროვნებას აფასებთ – დიდი შანსია ამ წიგნმა მოგხიბლოთ. მაგრამ თუ თქვენი სოციალური ურთიერთობები მორალზეა აქცენტირებული, დიდი შანსია, წიგნის გარკვეულმა ნაწილებმა თქვენში პროტესტის გრძნობა გააღვივოს.
"ძალაუფლების 48 კანონის" შეძენას შეძლებთ ონლაინ, Entrepreneur Shop-ზე, Palitral.ge-სა და წიგნების გამავრცელებელ მაღაზიებში.