თიბისი – მდგრადობის როლი ხელოვნებაში და ხელოვნების როლი მდგრადობაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისიმ, როგორც ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიმართულებით ლიდერმა კომპანიამ, ყოველწლიური მდგრადი განვითარების ღონისძიება გამართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო: "მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით". ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მედია, თიბისის პროგრამების მონაწილეები, თანამშრომლები და მომხმარებლები – როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესსექტორებიდან.

წელს თიბისიმ ღონისძიებაში სიახლე შემოიტანა. პროგრამის დასასრულს გაიმართა დიალოგი ვიზუალურ არტისტ მარიამ ოდიშელიძესა და ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილს შორის თემაზე "მდგრადობის როლი ხელოვნებაში და ხელოვნების როლი მდგრადობაში". აღნიშნული თემა ასახავს თიბისის სტრატეგიულ მიზანს, ხელი შეუწყოს კულტურულ განვითარებას, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს.

დიალოგის დასაწყისში გურამ წიბახაშვილმა ხელოვნების საწყისებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულწილად სწორედ ხელოვანების ინოვაციური საქმიანობის დამსახურებაა ახალი მიდგომებისა და კონცეფციების შექმნა. შემდგომ ეს ხედვები ხდება საფუძველი სრულიად ახალი იდეების განვითარებისთვის.

ფოტოგრაფის აზრით, ამავე პრინციპით ვითარდება ტექნოლოგიური ინოვაციები – შემოქმედებითი ძიება და კოლაბორაციული სამუშაო პროცესი წარმოშობს ახალ კონცეფციებს, რომლებიც შემდეგ პრაქტიკაში ხორციელდება.

"ზოგადად დღეს, ყველას ხელში ტელეფონი რომ გვიჭირავს, წარმოუდგენელი იყო 40-50 წლის წინ. მაგრამ აზრი, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, დამსახურებაა იმ ინოვატორი ადამიანების, რომლებიც მაშინ ამაზე ფიქრობდნენ და საუბრობდნენ. ამიტომ მგონია, რომ ხელოვნებაში უნდა დავინახოთ ის მარცვალი, რომელიც შეიძლება დროთა განმავლობაში რაციონალურად და ღირებულად იქცეს და ნაჩქარევად არ უნდა შევაფასოთ ის "სიგიჟედ". ხშირად სწორედ ამგვარი განსხვავებული იდეები ქმნის მდგრადობის მნიშვნელოვან საფუძველს", – ამბობს ფოტოგრაფი.

მარიამმა და გურამმა დიალოგის განმავლობაში გენდერული თანასწორობის საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. ვიზუალურმა არტისტმა ისაუბრა საზოგადოებაში გავრცელებულ და ღრმად ფესვგადგმულ წარმოდგენებზე, რომ თითქოს ქალების ნამუშევრების ამოცნობა მხოლოდ "პეპლებითა და ყვავილებითაა" შესაძლებელი. მისი თქმით, ეს რეალობას არ ასახავს, რადგან ქალებს ყოველთვის აქვთ სათქმელი, თანაც საკმაოდ ბევრი.

გურამ წიბახაშვილმა კი, თავის მხრივ, ხელოვნებაში წლების განმავლობაში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა. ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ, თუ საუკუნის წინ ვიზუალურ ხელოვნებაში ქალების რაოდენობა ძალზე მცირე იყო, დღეს ისინი ბევრად მეტი არიან. გურამის აზრით, ქალების წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციის ზუსტად და მკაფიოდ გადმოცემის თვალსაზრისით, რაც ხელოვნების ერთ-ერთი არსებითი საფუძველია.

ხელოვანები საუბრისას განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას შეეხნენ, რომელიც ახალი იდეების აღმოცენებაში დიდ როლს ასრულებს და რომლის გარეშე ხელოვნების არსებობა წარმოუდგენელია.

ვიზუალურმა არტისტმა მარიამ ოდიშელიძემ განათლების თემაზე საუბრისას პირადი გამოცდილება გაიხსენა. მისი თქმით, დასავლური სასწავლებელი – გერმანიის დიუსელდორფის სამხატვრო აკადემია, სადაც 2014 წელს დაასრულა სწავლა – მისთვის იყო სივრცე, სადაც ხელოვნებაზე ფიქრი იმ ფორმით შეძლო, როგორც აინტერესებდა. მანამდე, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას, ხშირად გრძნობდა, რომ ეს გარემო მის ინტერესებს სრულად ვერ პასუხობდა.

"ზოგადად, ხელოვნება ყოველთვის არის დროის ანაბეჭდი – დაწყებული პირველყოფილი ადამიანებიდან დღემდე და მანამდე, სანამ ადამიანები იარსებებენ. ჩვენ აუცილებლად დავტოვებთ კვალს ხელოვნებაში და ეს ვიზუალურად იქნება იმ დროის მსგავსი, რა დროისაცაა ხელოვნება", – აღნიშნა მარიამ ოდიშელიძემ.

მდგრადობის გარშემო საუბრისას ხელოვანებმა საზოგადოებისა და ხელოვნების კავშირსაც გაუსვეს ხაზი. კერძოდ, როგორ ეხმარება საზოგადოება არტისტს საკუთარი ადგილის პოვნასა და დამკვიდრებაში: "არსებობს ასეთი ფრაზა – ხელოვნება ხელოვნებისთვის თუ ხელოვნება ხალხისთვის და ამაზე, ალბათ, საუკუნეებია კამათი მიდის. ფაქტია, რომ თუ ადამიანებმა ხელოვნება არ აღიარეს, ის, უბრალოდ, გაქრება", – აღნიშნა მარიამ ოდიშელიძემ.

დიალოგი გურამ წიბახაშვილმა საზღვარგარეთ მიღებული განათლების მნიშვნელობაზე საუბრით შეაჯამა. ის მიიჩნევს, რომ წარსულში მიღებული გადაწყვეტილება – ხელოვანებისთვის სტიპენდიების დანიშვნა და მათთვის დასავლეთში სწავლის დაფინანსება – ქართული ხელოვნების განვითარებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. სწორედ ამ პიროვნებებმა ჩამოიტანეს ის ცოდნა და გამოცდილება, რაზეც დღევანდელი ქართული ხელოვნება დიდწილად დგას. არტისტებმა დასკვნის სახით აღნიშნეს, რომ დასავლეთში მიღებული განათლება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომავალი ხელოვანებისთვის, არამედ ზოგადად საზოგადოების განვითარებისთვის. სწორედ ამგვარ საფუძველზე დაყრდნობით შესაძლებელი ხდება მდგრადი კულტურის განვითარება – რაც დღეს ასე სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.

მდგრადი განვითარების ღონისძიება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. ღონისძიებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ უმასპინძლა. ასევე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში – გარეტ უორდმა. რისკების მართვის დირექტორმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა, წარადგინა თიბისის 2024 წლის მთავარი მიღწევები მდგრადობის მიმართულებით. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის, EBRD-ის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, თიბისის კლიენტი, ტექსკოლის კურსდამთავრებული და გრეის ჰოპერის დაჯილდოების გამარჯვებული.

თიბისი 2019 წლიდან წარადგენს მდგრადი განვითარების წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. წელს გამოქვეყნდა 2024 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში, რომლის სრულ ვერსიის გაცნობაც შესაძლებელია ვებგვერდზე www.tbcbankgroup.com