GlobaLead Grant - საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო გრანტი გლობალურ მმართველობასა და უსაფრთხოების სწავლებებში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა მაგისტრობის მსურველებს სპეციალურ UG GlobaLead Grant სთავაზობს. სამაგისტრო პროგრამებზე - "უსაფრთხოების სწავლებებსა" და "გლობალურ მმართველობაზე" ჩაბარების შემთხვევაში ქართველი სტუდენტები გრანტის ფარგლებში სწავლის ღირებულებიდან მხოლოდ 3000 ლარს გადაიხდიან. ცვლილება 2025 წლის შემოდგომის სემესტრიდან ამოქმედდება და შეეხება ყველა სტუდენტს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამებზე მოისურვებენ სწავლას.
საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების აქტუალობასა და გლობალურ მნიშვნელობაზე, სწავლების მიდგომებსა და გრანტით უზრუნველყოფაზე Entrepreneur-ი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სკოლის ასოცირებულ პროფესორს, პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ხელმძღვანელს, შალვა ძებისაშვილს ესაუბრა.
პირველ რიგში, რას გულისხმობს სპეციალური გრანტი სამაგისტრო პროგრამებზე - უსაფრთხოებების სწავლებებსა და გლობალურ მმართველობაზე და რატომ დაწესდა ის?
სტუდენტები, რომლებიც ამ პროგრამებს აირჩევენ, არიან ნამდვილი პატრიოტები, რომლებსაც კარგად აქვთ გააზრებული უსაფრთხოების სწავლის მნიშვნელობა საქართველოს კონტექსტში. ეს კი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რომელსაც შეზღუდული აქვს ყველანაირი რესურსი, ერთადერთ სიძლიერეს წარმოადგენს ადამიანური რესურსი - და ამ რესურსის მაღალი ხარისხი.
ამით ჩვენ გამოვხატავთ ერთგვარ პატრიოტულ მიდგომას, რადგან მიგვაჩნია, რომ ის ადამიანი, რომელიც არ/ვერ მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად და მიზანმიმართულად ფიქრობს, რომ სამაგისტრო საფეხური გაიაროს საქართველოში, უნდა დაფასდეს შესაბამისად. ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს იმ ვითარებიდან, რაც საქართველოში განათლების სფეროში ზოგადად არის შექმნილი, სადაც მარტივია ადამიანისთვის აიღოს ჩემოდანი, წავიდეს ევროპაში, და ისწავლოს იქ საკმაოდ ბიუჯეტურად სამაგისტრო საფეხურზე. ხოლო თუ ამის მიუხედავად მას მაინც აქვს სურვილი რომ საქართელოში დარჩეს და აქ მიიღოს ძირითადი ცოდნა, ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ ეს ადამიანი არის პატრიოტი. ეს არის ერთ-ერთი დიდი მოტივაცია.
რას მოიცავს ორივე პროგრამა - უსაფრთხოების სწავლებები და გლობალური მმართველობა და რა მიდგომებით გამოირჩევიან?
უსაფრთხოების სწავლებების პროგრამაზე სტუდენტები შეისწავლიან ზოგადად უსაფრთხოების პოლიტიკას, ტერორიზმის პრობლემას, თავდაცვის სფეროს როგორც საერთო უსაფრთხოების ნაწილს, ეროვნული ინტერესების მნიშვნელობას, რეგიონალურ უსაფრთხოებას, ევროკავშირისა და ნატოს ისევე როგორც სხვა ორგანიზაციის ფუნქციონირების სპეციფიკას. პროგრამა ორიენტირებულია სხვადასხვა პოლიტიკის შესწავლაზე, რომელიც იწყება ადამიანის პირადი უსაფრთხოების აღქმიდან და გრძელდება უფრო მაღალ საფეხურებამდე, როგორებიცაა ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოება.
რაც შეეხება გლობალურ მმართველობას, სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამა აქცენტს აკეთებს სპეციალისტების მომზადებაზე, რომლებიც ერკვევიან მსოფლიო ინსტიტუციურ დინამიკაში. დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობები არის მრავალდონიანი ინსტიტუციური ურთიერთობები ყველა სფეროში - იქნება ეს სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო დონეზე, მსოფლიო წარმოადგენს ინსტიტუციურ გადაჯაჭვულობას, სადაც უამრავი თემატური ქსელებია - ენერგეტიკული, ეკონომოკური, სატრანსპორტო და სხვ. პროგრამის ფარგლებში მომზადებული სპეციალისტები კი, შეძლებენ ამ დონეების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტრენდების განჭვრეტას და იმის დადგენას, თუ რა დინამიკებია მსოფლიოში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ჩვენზეც პირდაპირ აისახება.
შესაბამისად, ჩვენი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები ორი ტიპის სპეციალისტებს ამზადებს: ერთი წარმოადგენს მრავალგანზომილებიანი უსაფრთხოების სფეროს ექსპერტს, რომელიც უსაფრთხოების ყველა დონეში ერკვევა - გლობალურ/რეგიონალურიდან პიროვნულამდე. ხოლო სპეციალისტების მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ექსპერტულ ცოდნას გლობალური მმართველობის თვალსაზრისით - გაეროდან დაწყებული, ევროკავშირით და სხვა ორგანიზაცია-ინსტიტუტით დამთავრებული, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან და რომელთა მეშვეობითაც იმართება მსოფლიო და რეგიონალური პოლიტიკა.
ვინ იქნებიან პროფესორები აღნიშნულ პროგრამაზე - მხოლოდ ქართველი სპეციალისტები თუ უცხოელი ლექტორებიც?
ლექტორების დიდ ნაწილს ქართველები წარმოადგენენ, მაგრამ პროფესორები ჩამოდიან გერმანიიდანაც. მთლიანობაში ექვსი პროფესორი გვეყოლება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებით - დაწყებული პოლიტიკის გააზრებით, დამთავრებული საერთაშორისო გამჭვირვალობით, წაიკითხავენ ლექციებს პირველ სემესტრში. ასე გრძელდება მომდევნო სემესტრებშიც. რაც შეეხება ევროკავშირის პოლიტიკას, ევროკავშირის და ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეს, ანუ ევროპისა და ამერიკის ურთიერთობებსა და ა.შ. - ჩვენი დიდი სურვილია, რომ გავზარდოთ უცხოელი პროფესორების მონაწილეობის ხარისხი და ჩვენ სტუდენტებს მოვლენების შეფასება მათი პერსპექტივიდან დავანახოთ.
რა გაცვლით შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტი უსაფრთხოების სწავლებებისა და გლობალური მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს?
სამაგისტრო პროგრამების მეორე კურსიდან შესაძლებელია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა პარტნიორ უნივერსიტეტებთან - ბილეფელდის უნივერსიტეტთან გერმანიაში და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტთან ბელგიაში. სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ ბოლო სემესტრში, სამაგისტრო თეზისის წერის პროცესში, ჩავიდნენ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტში - დარჩნენ ერთი სემესტრის განმავლობაში და იქაური რესურსების გამოყენებით იმუშაონ სამაგისტრო ნაშრომზე.
პროგრამებს ასევე გააჩნიათ სტაჟირების ბლოკიც. სტუდენტს, რომელსაც უკვე სამაგისტრო ნაშრომის წერა უწევს, სემესტრული გაცვლის გარდა, მეორე ვარიანტიც აქვს - წავიდეს საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციაში გერმანიაში, დარჩეს რამდენიმე თვე, იმუშაოს პროექტზე და შემდგომ ამ პროექტის საფუძველზე მოამზადოს ნაშრომი. ეს გათვლილია იმაზე, რომ კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ სურვილის შემთხვევაში უცხოეთში დასაქმება.
რა სახის თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს მიიღებს სტუდენტი ამ პროგრამებზე სწავლისას?
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამები ამზადებს პოლიტიკის მცოდნეებსა და ანალიტიკოსებს. ერთ-ერთი მთავარი უნარი, რომლის განვითარებაც სწავლის პროცესშია შესაძლებელი, არის ანალიზის უნარი. დღეს, ინფორმაციით გაჯერებულ სამყაროში, აუცილებელია ისეთი ადამიანების არსებობა, ვინც შეძლებს ინფორმაციის გაცხრილვასა და დამუშავებას ისე, რომ ის იძლეოდეს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარი - როდესაც ადამიანმა იცის რაზე გესაუბრება და ამასთან ერთად არის დამაჯერებელი. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო პროგრამები სტუდენტებს აძლევს სხვადასხვა ტრანსფერულ უნარებსაც (მაგალითად პროგრამული დაგეგმვა), რომელთა გამოყენება სხვა სფეროშიც არის შესაძლებელი, რაც პირდაპირ უკავშირდება პროფესიული ადაპტაციის მაღალ ხარისხს.
რა დასაქმების პერსპექტივები და სფეროებია კურსდამთავრებულებისთვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ?
საქართველოში დასაქმების ბევრი კატეგორია გვხვდება. ეს არის მთელი სპექტრი სახელმწიფო უწყებების, დაწყებული თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებით, მთავრობის ადმინისტრაციით და ა.შ. თითოეულ სამინისტროში არის განყოფილებები ევროპასთან ინტეგრაციაზე, ნატოსთან ურთიერთობებზე, უსაფრთხოებაზე, ორმხრივ თანამშრომლობასა და ა.შ., სადაც მთელი რიგი პროგრამები და აქტივობები ხორციელდება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში (გაეროსთან, ევროკავშირი, თურქეთი და ა.შ.)
გარდა ამისა, არსებობს მთავრობის ადმინისტრაცია, არსებობს პარლამენტი, ხოლო პარლამენტში არის უამრავი კომიტეტი - ევროკავშირთან ურთიერთობების კომიტეტი, საგარეო კომიტეტი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი. ეს კომიტეტები საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე პირდაპირ წარმოადგენენ კურსდამთავრებულთათვის დასაქმების სფეროს, მათთან სწორედ ექსპერტული ცოდნისა და დასკვნების საჭიროების გამო.
დამატებით უნდა ითქვას ასევე, რომ პოტენციური დასაქმების სფეროა ანალიტიკური და საერთაშორისო ორგანიზაციები, ისევე როგორც აკადემიური სივრცე.
თათა ცინცაძე საქართველოს უნივერსიტეტის გლობალური უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია, რომელსაც ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან აინტერესებდა გლობალური უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკის კვლევები. ის აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის აკადემიურმა გარემომ, პროგრამის შინაარსმა და შედეგმა სრულად გაამართლა მისი მოლოდინები და მისცა ის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც კვლევითი საქმიანობის წარმატებით გაგრძელებაში დაეხმარება.
თათა ცინცაძე უსაფრთხოების სწავლებებით დაინტერესებულ პირებს ურჩევს, მყარად და გააზრებულად გააკეთონ არჩევანი, ვინაიდან ეს სფერო მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას, ინტენსიურ შრომას, სიღრმისეულ ანალიზსა და მუდმივ პროფესიულ ზრდას.
"საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა ნამდვილად გახსნის თქვენთვის შესაძლებლობების ფანჯარას, თუმცა ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური ჩართულობა, მუდმივი განვითარების სურვილი და სწავლების პრაქტიკულ კომპონენტებში მონაწილეობა. ამ პროგრამაზე სწავლა გაგიჩენთ სიამაყის განცდას, რომ თქვენი ცოდნით და გამოცდილებით უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდებით მაღალკვალიფიციურ ახალგაზრდა პროფესიონალად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ბევრი განსხვავებული ტიპის ჰიბრიდული გამოწვევის წინაშე მდგარი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა თუ ორგანიზაციებისთვის.
საქართველოს უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას დღეს აქტიურად ვიყენებ ჩემს კვლევით საქმიანობაში, განსაკუთრებით ტერორიზმის, ჰიბრიდული საფრთხეების და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ანალიზში. მიმდინარედ დაკავებული ვარ როგორც დამოუკიდებელი კვლევით, ისე საერთაშორისო აკადემიური ჟურნალებისთვის პუბლიკაციების მომზადებით", - ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის გლობალური უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.
ლაშა ძებისაშვილმა ასევე ისაუბრა თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი, რომელსაც აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება სურს.
პირველი და ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა ინგლისური ენის მაღალ დონეზე (B2) ცოდნაა. საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, სტუდენტი გადის გასაუბრებას ინგლისურ ენაზე. თუ სტუდენტს არ გააჩნია ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი, მას მოუწევს ენის დონის ტესტის გავლა.
ამ სფეროთი დაინტერესებულები ძირითადად არიან ის ადამიანები, ვისაც ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვთ პოლიტიკის მეცნიერებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, თუმცა გლობალური მმართველობა და უსაფრთხოება ისეთი თემებია, რომლითაც შესაძლოა დაინტერესდნენ სხვა მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებიც, მაგალითად - ისტორიკოსები, ჟურნალისტები, სოციოლოგები და ა.შ. აუცილებელია ინტერესის ქონა, რომელიც სტუდენტთან გასაუბრების საფუძველზე გამოჩნდება ხოლმე მკაფიოდ.
რა მიზანი აქვს პროგრამებსა და რა ძირითადი მოლოდინები გაქვთ მათთან დაკავშირებით?
ჩვენი მიზანია შევქმნათ ამ ადამიანებისგან სპეციფიკური განათლების მეშვეობით ისეთი სპეციალისტები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით დაამყარებენ კავშირებს, გამოიყვანენ საქართველოს ჩრდილიდან და შექმნიან ფუნდამენტს მისი შემდგომი განვითარებისთვის. სწავლის მსურველ სტუდენტებს, უნივერსიტეტი აუცილებლად დაეხმარება გზის გაკვალვასა და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებაში.
მოლოდინი მაქვს, რომ ტენდენცია იქნება პოზიტიური. ვინც კარგად გაეცნობა პროგრამას, მათ შორის გრანტზე ინფორმაციას და გადაწყვეტს საქართველოში სწავლის გაგრძელებას, ის ადამიანი ჩვენთვის იქნება ძალიან ღირებული. როდესაც ადამიანი ღირებულია და შენ ეს ღირებულება დაინახე, მათ შორის იმით, რომ ის რჩება სასწავლებლად აქ, ეს აუცილებლად უნდა დაფასდეს. ადამიანის ღირებულების დაფასება არის ყველაფრის საფუძველი, რაზეც შესაძლებელია შემდგომი წარმატების აგებაც.