სოციალური მეწარმეობა რეგიონული განვითარებისთვის: ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში პროექტი "აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით" წარმატებით განხორციელდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერებას, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, შექმნან მდგრადი სოციალური საწარმოები, გახდნენ დამსაქმებლები და ცვლილებების ინიციატორები თავიანთ თემებში.

პროექტის ძირითადი იდეაა ხელი შეუწყოს სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებას, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ სწავლობენ და ავითარებენ პრაქტიკულ ცოდნას, არამედ რეალურად ქმნიან სოციალურ საწარმოებს, იღებენ მენტორობას ბიზნესისა და სოციალური მეწარმეობის სფეროში მოქმედი პროფესიონალებისგან და საწყის დაფინანსებასაც.

პროექტი "აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით" დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება #EU4Youth პროგრამის ფარგლებში.

გვიამბეთ თქვენი პროექტის შესახებ, რას გულისხმობს "აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით", რა არის მთავარი იდეა და მიზანი?

ელენე რთველაძე, "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს" დირექტორის მოადგილე, პროექტის მენეჯერი საქართველოში:

პროექტი "აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით" წარმოადგენს რეგიონულ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთან ერთად პროგრამა განხორციელდა მოლდოვასა და უკრაინაში EU4Youth ფაზა III–ის ფარგლებში. მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდების აღჭურვა სოციალური მეწარმეობის საფუძვლებით, რაც მათ საშუალებას აძლევს შექმნან ინოვაციური სოციალური საწარმოს კონცეფციები და მოახდინონ ცვლილებები ადგილობრივ საზოგადოებებში.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა გაიარეს სპეციალურად მათთვის მომზადებული მაღალი დონის სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. პროგრამის შედეგად 2 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ განივითარა კრეატიულობის, გუნდურობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი. საუკეთესო გუნდები მონაწილეობდნენ პრეაქსელერაციის პროგრამაში, რაც მოიცავს ინკუბაციას, ტექნიკურ დახმარებას და შემდგომი დაფინანსების შესაძლებლობას 2 000 ევროს ოდენობით, რომელიც ახალშექმნილმა 45 სოციალურმა საწარმომ მოიპოვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდებში სოციალური და სამეწარმეო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება და რას უწყობს ეს ხელს, როგორც საზოგადოებრივი, ასევე სახელმწიფო განვითარების თვალსაზრისით?

ელენე რთველაძე, "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს" დირექტორის მოადგილე, პროექტის მენეჯერი საქართველოში:

ახალგაზრდებში სოციალური და სამეწარმეო ცოდნისა და უნარების განვითარება გადამწყვეტია ძლიერი საზოგადოებისა და ინკლუზიური ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის.

"ჯუნიორ ეჩივმენტის" (JA) პროგრამები მეწარმეობრივ განათლებას უდგება, როგორც საქმის კეთებისა და ინიციატივის აღების უნარს და განიხილავს სამეწარმეო კომპეტენციად, რომელიც თავის მხრივ მოიცავს კრიტიკული აზროვნებას, პრობლემების გადაჭრას, კრეატიულობასა და ფინანსურ წიგნიერებას, რაც ერთობლიობაში მათ აძლევს საშუალებას, წარმატებით გაუმკლავდნენ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს, ადაპტირდნენ ცვლილებებთან და შექმნან ღირებულება როგორც საკუთარი, ასევე საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ კონტექსტში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს რეგიონული უთანასწორობა, ახალგაზრდული უმუშევრობა და განათლების თანამედროვე რესურსებზე შეზღუდული წვდომა. მეწარმეობისა და სოციალური ინოვაციის პროგრამები აძლევს ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას, გახდნენ ცვლილებების შემქმნელები, განსაკუთრებით ნაკლებად ხელმისაწვდომ რეგიონებში ადგილობრივი ინიციატივების წამოწყებით და სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მდგრადი ბიზნესმოდელებით გადაჭრის გზით. ეს ხელს უწყობს საზოგადოების გააქტიურებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი საზოგადოების განვითარებას, რაც მჭიდროდ უკავშირდება ეროვნული განვითარების მიზნებს.

რას მოიცავს სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამა და ვისთვის არის განკუთვნილი?

ელენე რთველაძე, "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს" დირექტორის მოადგილე, პროექტის მენეჯერი საქართველოში:

სოციალური მეწარმეობის პრეაქსელარაციის პროგრამა უნიკალურია, რომელიც ეფუძნება "ჯუნიორ ეჩივმენტის"(JA) ასწლოვან გამოცდილებას, თანამედროვე სოციალური მეწარმეობის მიდგომებს და ევროსაბჭოს მეწარმეობრივი კომპეტენციის ჩარჩოს.

პროგრამა შემუშავებული და ტესტირებულია JA ლიეტუვას მიერ და წარმატებით ხორციელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

პროგრამაში ჩაშენებულია ციფრული წიგნიერების მოდული, რომელიც იწყება ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) თავსებურებების გააზრებით და შემდგომში იყენებს კოდირების გარეშე სხვადასხვა აპლიკაციასა და ინსტრუმენტებს.

პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდები მუშაობენ გუნდებში, ქმნიან საკუთარ, რეალურ სოციალურ საწარმოს, მოიძიებენ ინვესტიციებს და, რა თქმა უნდა, გამოიმუშავებენ ბევრ სასარგებლო უნარს.

პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე და იყენებს თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს.

როგორ მუშაობს თავად პროექტი, როგორ იგეგმება და ვითარდება, რა ეტაპებს მოიცავს ეს პროცესი?

ელენე რთველაძე, "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს" დირექტორის მოადგილე, პროექტის მენეჯერი საქართველოში:

პროექტი ეტაპობრივად და გრძელვადიანი სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდა 2 წლის განმავლობაში. მისი განვითარება დაიწყო პარტნიორ ქვეყნებში – საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში – საჭიროებების შეფასებითა და მაღალი ხარისხის სასწავლო მასალების შემუშავებით და ადგილობრივ კონტექსტთან ადაპტირებით. ამის შემდეგ მომზადდნენ ტრენერები, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა საგანმანთლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (უნივერისტეტები, პროფესიული სასწავლებლები, სკოლები და ახალგაზრდული ცენტრები), მათ შემდგომ ეტაპზე ჩამოაყალიბეს სოციალური მეწარმეობის კლუბები. ყველა მსმენელისთვის უზრუნველყოფილი იყო სასწავლო წიგნები და ციფრული რესურსები.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ დავალებებს, რომლებიც ავითარებს მეწარმეობრივ აზროვნებას, სოციალურ პასუხისმგებლობასა და ინოვაციურ მიდგომებს.

შემდეგ ეტაპზე ახალგაზრდებმა დაიწყეს საკუთარი სოციალური საწარმოების იდეების განვითარება, მენტორებთან ერთად მოამზადეს სოციალური საწარმოს კანვას ბიზნესმოდელები და მონაწილეობდნენ კონკურსში, რომლის საფუძველზე შერეული გუნდები გადავიდნენ პრეაქსელერაციის პროგრამაში, სადაც მათ მიეწოდათ ტექნიკური დახმარება, ქსელური მხარდაჭერა და წვდომა საწყის ფინანსურ რესურსებზე.

პროექტის განმავლობაში ასევე ჩატარდა მულტიპლიკატორული ღონისძიებები, რომლებმაც გააუმჯობესეს ცნობადობა და ხელი შეუწყვეს დაინტერესებული მხარეების ჩართულობას. პროცესის ყველა ეტაპი დოკუმენტირდა, მონიტორინგდებოდა და შეფასდა შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტებით, მათ შორის თვითშეფასების პლატფორმით (ESP), ხოლო დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ჩამოყალიბდა პროექტის განხორციელების გზამკვლევად (guideline/white paper), რომელიც შემდგომ რეკომენდაციებად გადაეცა პოლიტიკის შემმუშავებლებსა და პარტნიორებს.

როგორ არიან ჩართული უცხოური ბაზრები ამ პროექტში და როგორ თანამშრომლობთ საერთაშორისო კომპანიებთან?

ელენე რთველაძე, "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს" დირექტორის მოადგილე, პროექტის მენეჯერი საქართველოში:

პროექტი ახორციელებდა აქტიურ საერთაშორისო თანამშრომლობას და შექმნა გლობალური კავშირების ქსელი, რომელიც დაეხმარა ახალგაზრდებს სოციალური საწარმოების განვითარებაში. უცხოური ბაზრების ჩართულობა გამოიხატა როგორც საგანმანათლებლო კომპონენტების საერთაშორისო დონეზე ადაპტირებაში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კომპანიების აქტიური ჩართულობით.

პროექტს ხელმძღვანელობდა JA Europe, ხოლო პარტნიორები იყვნენ JA Georgia, JA Moldova, JA Ukraine, JA Lithuania და We Share Forward Foundation. ამასთან, პროექტში ჩართული იყვნენ ისეთი გლობალური ორგანიზაციები, როგორიცაა Intel®, რომელმაც უზრუნველყო ხელმისაწვდომობა ხელოვნური ინტელექტის პროგრამებზე (AI4Youth), და The Municipality of The Hague (ImpactCity) და Unknown Group, რომელმაც, უზრუნველყო მონაწილეების წვდომა საერთაშორისო ინოვაციურ პლატფორმებთან, მათ შორის Impact Fest-ზე ნიდერლანდებში.

საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის მეწარმეები, ტექნოლოგიური სპეციალისტები და სექტორის ექსპერტები, მონაწილეობდნენ როგორც მენტორები – ისინი უშუალოდ მუშაობდნენ ახალგაზრდულ გუნდებთან, ეხმარებოდნენ ბიზნესმოდელების დახვეწაში, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარებასა და ბაზარზე გასვლის სტრატეგიების შემუშავებაში. ამან ახალგაზრდებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, დაემყარებინათ კავშირები საერთაშორისო ბაზრებთან, გაეზარდათ ხედვა და მიმზიდველობა გლობალური ინვესტორებისთვის.

რა ტიპის საწარმოები შეიქმნა ამ პროექტის ფარგლებში და როგორია დასაქმებისა და შემდგომი განვითარების პროცესი?

ელენე რთველაძე, "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს" დირექტორის მოადგილე, პროექტის მენეჯერი საქართველოში:

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამივე ქვეყანაში ჯამში 45 ახალგაზრდული სოციალური საწარმო, თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში – საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში – 15-15 საწარმო. ეს საწარმოები სხვადასხვა თემატურ სფეროს მოიცავს და პასუხობს ადგილობრივი თემებისთვის აქტუალურ სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ საჭიროებებს.

საქართველოში შექმნილი სოციალური საწარმოების ძირითადი მიმართულებები მოიცავს:

  • ეკომეგობრულ წარმოებასა და ნარჩენების გადამუშავებას (BIONOVA – ორგანული ნარჩენებისგან ბიოგაზისა და ბიოფერტილიზატორის წარმოება);
  • სოფლის მეურნეობასა და აგროტურიზმს (Blue Lake, Kingdom of Bee, Poultry Corner, Milk River);
  • ახალგაზრდების დასაქმებასა და კარიერულ განვითარებას (Voltrip – სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაკავშირება);
  • ინკლუზიურ დიზაინსა და განათლებას (GAMOEWYE – ტანსაცმელი მხედველობის შეზღუდვებისთვის, Tamashobana – საგანმანათლებლო თამაშები).
  • მწვანე ენერგიასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს (Chako – მზის პანელებით გაძლიერებული აქსესუარები).

ასევე, საწარმოები აგრძელებენ ოპერირებას, აფართოებენ მიზნობრივ აუდიტორიას, ამყარებენ ადგილობრივ პარტნიორობას და მონაწილეობენ დამატებით საგრანტო პროგრამებში.

რას გვეტყოდით დაფინანსებისა და სხვა ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ?

ელენე რთველაძე, "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს" დირექტორის მოადგილე, პროექტის მენეჯერი საქართველოში:

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი იყო ინოვაციური და მრავალმხრივი დაფინანსების მექანიზმების დანერგვა, რომლებიც ახალგაზრდულ სოციალურ საწარმოებს აძლევდნენ შესაძლებლობას, გადაექციათ იდეები რეალურ, მოქმედ ბიზნესებად.

პროექტის ფარგლებში დამკვიდრდა გადაცემადი დაფინანსების მოდელი, რომელსაც კურირებდა We Share Forward Foundation. თითოეულმა შერჩეულმა გუნდმა (სულ 45 გუნდმა სამ ქვეყანაში) მიიღო საწყისი გრანტი 2 000 ევროს ოდენობით. მოდელი ეფუძნებოდა Pay it Forward პრინციპს: როდესაც ახალგაზრდული საწარმო ფინანსურად გაძლიერდება, მისი ვალდებულება იქნება, მომავალში სიმბოლური წვლილი შეიტანოს JA-პროგრამებში მონაწილე ახალგაზრდების დაფინანსებაში. ეს ქმნის თვითგანახლებადი მხარდაჭერის მექანიზმს.

დამატებით, სხვა ხელშემწყობი ფაქტორები მოიცავდა:

  • მენტორობასა და ტექნიკურ მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორის პროფესიონალებისგან, რაც დაეხმარა გუნდებს ბიზნესმოდელების დახვეწაში, ბაზარზე გასვლის სტრატეგიების განსაზღვრასა და პარტნიორობის განვითარებაში;
  • ინტეგრირებულ სასწავლო და პრეაქსელერაციის პროგრამებს, რომლებმაც ახალგაზრდებს მისცეს საჭირო ცოდნა და უნარები პრაქტიკული საქმიანობისთვის;
  • საერთაშორისო კავშირებსა და ცნობადობას, მათ შორის მონაწილეობას ევროპის წამყვან ღონისძიებებში, როგორიცაა Impact Fest ჰააგაში და ევროპის სამეწარმეო ფესტივალზე GEN_E, რაც დიდწილად განაპირობებდა ინვესტორთა და დონორთა დაინტერესებას;
  • ზოგადად, მსგავსი ტიპის პროექტების ხელშეწყობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგრადი დაფინანსების მოდელების არსებობა, რომელიც მოიცავს როგორც საწყის გრანტს, ისე შესაძლებლობას, ეტაპობრივად გაზარდოს მხარდაჭერა შედეგებზე დაფუძნებით. დაფინანსებისა და მხარდაჭერის ეს მრავალმხრივი სტრუქტურა განაპირობებდა არა მხოლოდ პროექტის მონაწილეთა მყისიერ წარმატებას, არამედ საფუძველს უყრიდა მდგრადი სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში – და მსგავსი მოდელები შესაძლოა ეფექტიანად გავრცელდეს სხვა რეგიონებშიც.

როგორ ხორციელდება ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერა სოციალური მეწარმეობის პროგრამის მეშვეობით?

თამარ მორგოშია, მეწარმეობის პედაგოგი, თბილისის N175-ე საჯარო სკოლა

პროგრამა დაფუძნებულია ინოვაციურ მიდგომაზე, რომელიც აერთიანებს მეწარმეობრივ განათლებას და სოციალურ მიზნებზე ორიენტირებულ მიდგომებს. ახალგაზრდები, რომლებიც პროგრამაში ერთვებიან, იწყებენ იდეების გენერირებით და ცდილობენ ისეთი საწარმოს კონცეფციის ჩამოყალიბებას, რომელიც რეალურ სოციალურ ან გარემოსდაცვით გამოწვევაზე იქნება მორგებული.

პირადად ჩემთვის ეს პროექტი ახალი ნაბიჯი იყო. წლების განმავლობაში ვმუშაობდი მოსწავლეებთან სკოლაში სხვადასხვა სამეწარმეო პროექტებზე, თუმცა ამჯერად პირველად მომეცა საშუალება, ჩემი ყოფილი მოსწავლეები რეალური საწარმოს შექმნის პროცესში ჩამერთო.

როგორც მეწარმეობის პედაგოგი, პროექტის საწყის ეტაპზე შევასრულე ტრენერის როლი – გავმართე თემატური ტრენინგები, სადაც განვიხილეთ სოციალური მეწარმეობის ფუნდამენტები, ბიზნესმოდელის დაგეგმვის სტრუქტურა და სოციალური ზემოქმედების განსაზღვრის გზები. შემდგომში ჩემი როლი ფასილიტატორის ფუნქციაში გადავიდა: ვეხმარებოდი ახალგაზრდებს ბიზნესიდეების განვითარებაში, ვაძლევდი პრაქტიკულ რჩევებს, ვუჭერდი მხარს გუნდურ მუშაობაში და ვაწვდიდი საჭირო რესურსებს. ჩემთვის დიდი მოტივაციაა, როდესაც ვხედავ ახალგაზრდების პროგრესს და მათ წვლილს საზოგადოებრივ ცვლილებებში.

სოციალური მეწარმეობა არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაა, არამედ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობაც. ახალგაზრდებთან მუშაობა ამ მიმართულებით ჩემთვის პროფესიულადაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მიხარია, რომ ვმონაწილეობ ისეთ ინიციატივაში, რომელიც ახალ თაობას აძლევს ძალას, შექმნან პასუხისმგებლობით გაჯერებული, ღირებულებით გამართლებული ინოვაციური სოციალური საწარმოები.

გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ პროექტში მონაწილეობა, რა გზა გაიარეთ და რას მოიცავს თქვენი საქმიანობის სფერო?

ნიკოლოზ გონგლიაშვილი, CEO:

სოციალურ მეწარმეობაში ჩემი გამოცდილება დაიწყო იმ წუთიდან, როდესაც დავინახე, თუ რამდენად მძიმე ეკოლოგიური და ენერგეტიკული გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, განსაკუთრებით – სოფლის მეურნეობის სექტორი. გარემოსდაცვითი თემები ყოველთვის მაინტერესებდა და სწორედ აქედან დაიბადა ბიონოვას იდეაც – სტარტაპის, რომელიც ორგანულ ნარჩენებს გარდაქმნის ბიოგაზად, ელექტროენერგიად და ბიოსასუქად. ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობა, ნარჩენების შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვა ფერმერულ მეურნეობებში.

ამ გზაზე გადავლახეთ არაერთი ბარიერი – იდეიდან ტექნიკურ პროტოტიპამდე, ადგილობრივ ფერმერებთან სატესტო მოდულების დანერგვა, გრანტების მოძიება და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგება. პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტეთ, რადგან გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივები არა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს იდეას პროფესიულად, არამედ მოგვცემს ახალ პერსპექტივებს, შესაძლებლობას, მოვისმინოთ სხვების გამოცდილება, გავითავისოთ ინოვაციური მიდგომები და გავზარდოთ ჩვენი სოციალური გავლენა როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე.

რას ურჩევდით სხვა ახალგაზრდებს და როგორ ფიქრობთ, რაში ეხმარება მათ სოციალური მეწარმეობის პროექტი?

ნიკოლოზ ჩიხლაძე, CTO:

როგორც პროგრამისტს, ინჟინერსა და ბიოტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანს, მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს – გამოიყენეთ თქვენი ცოდნა და ინტერესები არა მხოლოდ კარიერული წინსვლისთვის, არამედ რეალური პრობლემების გადასაჭრელად. სოციალური მეწარმეობა არის სივრცე, სადაც ტექნიკური ინოვაცია რეალურ სოციალურ ცვლილებას ემსახურება. ბიონოვაში ჩვენ ტექნოლოგიას ვიყენებთ, რათა გადავჭრათ ენერგიის დეფიციტი, ნარჩენების მართვის პრობლემები და ხელი შევუწყოთ სოფლის განვითარებას.

ასეთი პროექტები ახალგაზრდებს აძლევს გამოცდილებას, რასაც ტრადიციული საგანმანათლებლო გარემო ვერ მისცემს, როგორიცაა რეალურ გამოწვევებთან შეჯახება, სწრაფი ანალიზი, გუნდური მუშაობა და შედეგებზე პასუხისმგებლობა. ეს გამოცდილებები აძლევთ მათ საშუალებას, ჩამოყალიბდნენ არა მხოლოდ პროფესიონალებად, არამედ ლიდერებადაც.

ნიკოლოზ გონგლიაშვილი, CEO:

ჩემი რჩევა იქნება: არ გადადოთ იდეის განხორციელება, რადგან ყველაზე მოუმზადებლ იდეასაც კი შეუძლია დიდი წარმატებების მიღწევა. სოციალური მეწარმეობა გაძლევთ გარემოს, სადაც დაშვებულია შეცდომა და მნიშვნელოვანია არა იდეის სიდიდე, არამედ მისი გავლენა. ახალგაზრდებს ვურჩევ, ირწმუნონ საკუთარი ძალების და ნახონ, რომ მცირე ინიციატივებსაც შეუძლია საზოგადოების შეცვლა.

ასეთი პროექტები ახალგაზრდებს სძენს ხილვადობას, რეალურ მხარდაჭერას და იმ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც მათ მომავალ ლიდერებად და გადაწყვეტილების მიმღებ პირებად აყალიბებს. ეს პროცესი აჩენს საკუთარ შესაძლებლობებს და გაძლევს ძალას, იბრძოლო შენი იდეის წარსადგენად ნებისმიერ დონეზე.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტმა მოგიტანათ და, თქვენი აზრით, სამომავლოდ რაში დაგეხმარებათ ეს გამოცდილება?

ნიკოლოზ ჩიხლაძე , CTO:

ჩემთვის პროექტის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის გაცნობიერება, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიურმა გადაწყვეტილებამ სოციალური ცვლილება გამოიწვიოს. მივიღეთ ფასეული უკუკავშირი და ფართო ხედვა, რაც დაგვეხმარა პროდუქტის გაუმჯობესებაში. ეს გამოცდილება მომავალში დაგვეხმარება როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაში, ისე ჩვენი გადაწყვეტის მასშტაბირებასა და გავლენის გაზრდაში.

ნიკილოზ გონგლიაშვილი, CEO:

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ძლიერი პროფესიული და ადამიანური კავშირების შექმნა. პროექტმა შეგვძინა ახალ ცოდნა, თავდაჯერებულობა და სტრატეგიული ხედვა. ეს გამოცდილება დაგვეხმარება ინვესტორებთან კომუნიკაციასა და იმგვარი ბიზნესის შექმნაში, რომელიც ეკონომიკურ წარმატებასთან ერთად რეალურ სოციალურ ღირებულებასაც ქმნის.

შემაჯამებელი ვიდეო პროექტის შესახებ:

"ჯუნიორ ეჩივმენტის" შესახებ

"ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო" 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის Junior Achievement-ის ქსელის წარმომადგენელი საქართველოში, შესაბამისად JA WorldWide-ისა და JA Europe-ის წევრი. "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს" პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში. 2018 წლიდან "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო" საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების კომიტეტის წევრია. ასევე, 2022 წელს გახდა OECD-ის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (INFE) პარტნიორი წევრი.

JA Worldwide დაფუძნდა 1919 წელს და ნომინირებულია 2024 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მე-5 ადგილზეა და მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერებისა და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას. Junior Achievement ფუნქციონირებს 120 ქვეყანაში და 2024-2025 სასწავლო წელს 20 მილიონი ახალგაზრდა იყო ჩართული მის პროგრამებში, რომელთა მთავარი მისიაა ახალგაზრდების მომზადება ღირსეული ეკონომიკური ცხოვრებისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია: jag@jag.ge

"ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."