PickPro QA - ადამიანური ინტელექტის ღირებულების დაბრუნება რეკრუტინგის პროცესში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

PickPro QA არის კომპანია, რომელიც აკავშირებს კომპანიებსა და გამოცდილ ტესტერებს ეფექტური და ადამიანზე ორიენტირებული შერჩევის პროცესით. ტრადიციული რეკრუტინგი ხშირად ვერ აფასებს ტესტერის რეალურ უნარებსა და კულტურულ შესაბამისობას, ხოლო კომპანია ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას პროფესიონალების მიერ ჩატარებული ინტერვიუებითა და პიროვნების არქეტიპული შეფასებით.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მარიამ შევარდნაძე ამბობს, მთავარი მიზანი ადამიანის ინტელექტის ღირებულების დაბრუნებაა რეკრუტინგის პროცესში, სადაც დღეს უფრო ხშირად ავტომატიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტს ენდობიან. PickPro QA კომპანიებს მათ საჭიროებებზე მორგებულ კადრებს სთავაზობს უკვე არსებული ბაზიდან, რომელიც გადარჩეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შერჩევაში აღარ მოუწევთ დამატებითი დროისა და ძალისხმევის დახარჯვა. კომპანია ისეთ კადრებს უწევს რეკომენდაციას, რომლებიც ზუსტად პასუხობენ კონკრეტული ვაკანსიის საჭიროებებს.

"გვჯერა, რომ რეზიუმეს უკან დგას ადამიანი და მისი უნარებისა და პოტენციალის სწორად დანახვა მხოლოდ ციფრული ფილტრებით არ უნდა ხდებოდეს. PickPro QA-ში ტექნიკურ ინტერვიუს ატარებენ იმავე პროფესიის გამოცდილი კადრები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რეალურად შევაფასოთ კანდიდატის ცოდნა და გამოცდილება. ამას ემატება პიროვნების არქეტიპული შეფასება, რომლის საფუძველზეც ვარჩევთ ისეთ კადრს, რომელიც არა მხოლოდ პროფესიონალურად შეეფერება კონკრეტულ პოზიციას, არამედ ერგება კომპანიის კულტურასა და ღირებულებებს. ასე ვუზოგავთ კომპანიებს დროს, ენერგიასა და რესურსებს, რაც სანდო და შესაბამისი კადრის შერჩევას სჭირდება", - ამბობს მარიამ შევარდნაძე.

მარიამ შევარდნაძე ამბობს, რომ იდეა რეალური პრაქტიკიდან გაჩნდა - ტესტერებმა და ინტერვიუერებმა დაინახეს პრობლემა და გადაწყვიტეს, შეექმნათ ადამიანზე ორიენტირებული, სანდო პლატფორმა.

კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ PickPro QA-ის შექმნა თამამი ნაბიჯი იყო ამ ეპოქაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის ადამიანური კაპიტალის შერჩევაში, იკავებს პოზიციას.

"გადავწყვიტეთ, არჩევანი ისევ ადამიანურ ინტელექტზე გაგვეკეთებინა. ეს თამამი განაცხადია, რადგან გვჯერა, რომ საუკეთესო კანდიდატის შერჩევა მხოლოდ ალგორითმებით ვერ მოხდება. ადამიანი არ არის მხოლოდ მონაცემების ნაკრები – მისი ღირებულებები, პროფესიული ხედვა და კულტურული შესაბამისობა ხშირად მხოლოდ ადამიანს შეუძლია სწორად დაინახოს. სწორედ ამიტომ დავაბრუნეთ შერჩევის პროცესში ადამიანი, როგორც ინტერვიუერი, შემფასებელი და დამკვირვებელი", – ამბობს ის.

შერჩევის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ხარისხის უზრუნველყოფის ტესტერებს აფასებენ იმავე პროფესიის წარმატებული სპეციალისტები. მარიამ შევარნაძე აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის რეალურ შეფასებას, არამედ კანდიდატის პროფესიულ სიღრმეს, პრაქტიკულობას და სამუშაო გარემოსთან რეალურ შესაბამისობას.

დამფუძნებელი ამბობს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა იდეისა და პროდუქტის ერთიან, სრულყოფილ სისტემაში მოქცევა იყო ისე, რომ თითოეული კომპონენტი თანხვედრაში ყოფილიყო და საბოლოო შედეგი მომსახურებოდა იმ მიზანს, რაც საწყის ეტაპზე დაისახა. პირველ ეტაპზე ეს პროცესი საკმაოდ ქაოსურად გამოიყურებოდა და ზოგჯერ ჩანდა, თითქოს ის სტანდარტი, რომლისკენაც ისწრაფოდნენ, შორს იყო. თუმცა, მისი თქმით, პროფესიონალი და მოტივირებული გუნდის დახმარებით, რამდენიმე მძიმე სესიის შემდეგ, ყველაფერი ლოგიკურად ჩამოაყალიბეს.

"ინსპირაციას გვაძლევს მომავალი, სადაც შერჩევის პროცესი ადამიანებზე მორგებული და სამართლიანია. გვინდა, რომ ტესტერებს აღარ უწევდეთ თავიანთი გამოცდილებისა და ღირებულებების მტკიცება უსასრულო ავტომატიზებულ სისტემებში და პროფესიონალები ფასდებოდნენ მათი რეალური უნარებით, ხედვითა და გუნდთან თავსებადობით. გვჯერა, რომ შერჩევისას უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ტექნიკური ტესტი ან თვითაღწერა, არამედ იმავე სფეროს პროფესიონალის შეფასებაც. რაც მთავარია, გვამოძრავებს ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების გაერთიანების იდეა ერთ სივრცეში და მათი დასაქმების რეალური მაჩვენებლით წამყვან კომპანიებში", – ამბობს მარიამ შევარდნაძე.

მარიამ შევარდნაძის თქმით, განვითარების სამომავლო ხედვაა, რომ PickPro QA ჩამოყალიბდეს რეგიონში ხარისხის უზრუნველყოფის ტალანტების ყველაზე სანდო და ძლიერ ჰაბად. უახლოეს ერთ წელიწადში იგეგმება რეგიონული ტალანტების მხარდაჭერა, სადაც შეიქმნება ძლიერი ბაზა იმ პროფესიონალებისთვის, ვისაც საერთაშორისო ბაზარზე სურს წარმატების მიღწევა. გარდა ამისა, კომპანია აპირებს განვითარებაზე ფოკუსირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ტესტერები ერთმანეთისგან სწავლობენ და იზიარებენ გამოცდილებას. კომპანიაში ასევე იგეგმება შიდა პროცესების დახვეწა და ტალანტების ბაზის გაფართოება, მათ შორის არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი QA მენეჯერების ჩართულობით.

"ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის გზა საუკეთესო პროდუქტის შექმნისკენ. PickPro QA-ს მიზანია, იყოს ამ გზაზე დაყენების სანდო პარტნიორი", – ამბობს მარიამ შევარდნაძე.

Business News

საქართველო vs თურქეთი - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა