Minddoor - განათლების მულტიფუნქციური სივრცე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Minddoor არის სივრცე, რომელიც მდებარეობს ქალაქგარეთ, თბილისთან საკმაოდ ახლოს და იქმნება იმისთვის, რომ ბავშვებს, მოზარდებსა თუ ზრდასრულებს მიაწოდოს განათლება იმ ფორმით, რომელიც ასწავლის და ააქტიურებს ცოდნას – არა მხოლოდ მექანიკურად, არამედ შინაარსობრივად და პრაქტიკულად.
სივრცის დამფუძნებლის, სალომე პაქსაშვილის თქმით, ძალიან სურდა შეექმნა ადგილი, სადაც სწავლა შინაგანი პროცესის ნაწილი იქნებოდა და არა ფორმალური მოთხოვნა – ეს იქნება ქალაქგარეთ არსებული მწვანე სივრცე, სადაც განათლება ბუნებასთან კავშირშია და ინდივიდუალურად არის მორგებული.
"Minddoor-ის მთავარი იდეა ჩემთვის ხედვაა, რომლის მიზანია განათლებას ახალი მნიშვნელობა შესძინოს – უფრო ცოცხალი, ხელმისაწვდომი და ადამიანზე მორგებული. მის განხორციელებამდე ძალიან გრძელი და გამოწვევებით სავსე გზა გავიარეთ. ახლა, როდესაც ჩემი ოცნების პროექტის რეალიზების ეტაპზე ვარ, ვგრძნობ, რომ ვხსნი კარს არა მხოლოდ ახალი პროფესიული სივრცისკენ, არამედ გადავდივარ ცხოვრების ისეთ ეტაპზე, სადაც გამოწვევები და შესაძლებლობები ერთდროულად არის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი", – ამბობს სალომე პაქსაშვილი.
სალომე პაქსაშვილი ყველაზე დიდ გამოწვევად სტაბილურ გარემოზე უარის თქმასა და ოცნების იდეის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას მოიაზრებს – სივრცე, რომელიც არც სკოლაა, არც ტრენინგ ცენტრი, თუმცა, როდესაც იდეას დიდი ღირებულება მოჰყვება, მისი თქმით, მეტ ძალასა და შეუპოვრობას გრძნობ. ის აღნიშნავს, რომ პროცესში დიდი სირთულე აღმოჩნდა ფინანსური რესურსების მოძიება, სწორად დაგეგმვა და მობილიზება, თუმცა როდესაც სურვილი ძლიერია, წინააღმდეგობები შესაძლებლობად იქცევა.
"ჩემი მთავარი ინსპირაცია შინაგანი სურვილია, თუნდაც მცირე წვლილი შევიტანო ადამიანის ყოველდღიურობის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს ცვლილება განათლებისა და ცოდნის გაღრმავების გზით ხდება. ხშირად ერთი სწორად გაღებული კარი საკმარისია, რომ ადამიანს ახალი პერსპექტივა და შესაძლებლობა გაუჩნდეს. სწორედ ასეთი მომენტებია ჩემი საქმიანობის მთავარი სტიმული", – აღნიშნა სალომე პაქსაშვილმა.
სივრცის დამფუძნებლის თქმით, ამ ეტაპზე პროექტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში იმყოფებიან – აკომპლექტებენ გუნდს პროფესიონალი, შინაგანად მოტივირებული, საქმეზე შეყვარებული და საერთო ხედვაზე ორიენტირებული ადამიანებით.
სალომე პაქსაშვილი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე Minddoor შერჩეული ძირითადი კურსებით დაიწყებს ფუნქციონირებას, თუმცა მიზანია პროგრამების მოცულობა ეტაპობრივად გაიზარდოს და შინაარსობრივად კიდევ უფრო მრავალფუნქციური გახდეს.
"ჩვენი მიზანია, სივრცე ხელმისაწვდომი იყოს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მათთვის, ვინც მიზნობრივად შეარჩევს აქ დროის გატარებას შაბათ-კვირას ან კვირის სხვა დღეებში, როგორც შემეცნების, ასევე განტვირთვისა და ახალი
გამოცდილებებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე Minddoor მოიცავს ფორმალური და არაფორმალური განათლების აქტუალურ მიმართულებებს და ჩამოყალიბდება ადგილად, სადაც ადამიანი მუდამ ახალს აღმოაჩენს", – ამბობს სალომე პაქსაშვილი.