ლიდერი-მოთამაშე თუ ლიდერი-მწვრთნელი?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
On it თუ in it? ეს კითხვა პირველად 10 წლის წინ, მანჩესტერის ბიზნესსკოლაში სწავლისას, მენეჯმენტის ლექტორისგან მოვისმინე და მაშინ მივხვდი, რომ ბიზნესში მთავარია, ისწავლო განსხვავება საქმის კეთებასა და საქმის გაძღოლას შორის.
მთავარია, მიხვდე, როდის იმოქმედო, როგორც წინამძღოლმა და როდის იმუშაო გუნდთან ერთად, როგორც რიგითმა წევრმა სხვადასხვა საოპერაციო თუ სხვა ტიპის შიდა ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად.
როგორც სპორტის ნებისმიერ გუნდურ სახეობაში გუნდის მოთამაშე ამოცანის შესრულებაზეა ორიენტირებული, მწვრთნელი კი სურათს შორიდან აკვირდება და სტრატეგიულ ამოცანებზეა კონცენტრირებული, ასეა ბიზნესშიც – არიან ლიდერები, რომლებიც საქმეს აკეთებენ, როგორც მოთამაშეები და არიან ლიდერები, რომლებიც საქმეს უძღვებიან და ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებაზე ზრუნავენ, როგორც მწვრთნელები.
თუმცა არიან საუკეთესო ლიდერებიც, რომლებიც, როცა საჭიროა, მზად არიან "თამაში საკუთარ თავზე აიღონ" და როცა საჭიროა, პროცესები გვერდიდან მართონ.
ლიდერისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა – როგორ შევინარჩუნო ბალანსი ამ ორ როლს შორის?! ერთი მხრივ, არ დავკარგო კავშირი რეალობასთან, ვიყო ჩართული ორგანიზაციის საქმიანობის დეტალებში, როგორც "მოთამაშე მწვრთნელი" და, მეორე მხრივ, ჩემი ზედმეტი ჩართულობით არ შევზღუდო გუნდი შემოქმედებით საქმიანობასა და დამოუკიდებლად განვითარებაში.
ვიყო ლიდერი მწვრთნელის როლში, ვისთვისაც მთავარი გუნდის წევრების მოტივაცია, მათი უნარების გაძლიერება და განვითარებაა, თუ ვიყო ლიდერი მოთამაშის როლში, ვისთვისაც მთავარი გუნდთან ერთად ყოველდღიური საქმეების კეთება და დასახული მიზნების შესრულებაა? თუ ვიყო ერთიც და მეორეც და სიტუაციურად, შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, დავაბალანსო და ვიცვალო როლები როგორც "მოთამაშე მწვრთნელმა?"
რეალობაში "მოთამაშე მწვრთნელები" იშვიათად გვხვდებიან, რადგან მწვრთნელობა სრულიად განსხვავებული უნარების ნაკრებია. ცნობილია, რომ ბევრი საუკეთესო მწვრთნელი საშუალო დონის მოთამაშე იყო...
და მაინც, რა ქმნის უკეთეს ლიდერს, რომელიც, როცა საჭიროა, მოთამაშის ამპლუაშია და როცა საჭიროა, მთავარი მწვრთნელის?
ამ ტიპის ლიდერები გუნდის წევრებს, უბრალოდ, დავალებას კი არ აძლევენ, თუ რა უნდა გააკეთონ, არამედ ასწავლიან, თუ როგორ უნდა შეძლონ დასახული ამოცანის შესრულება; ადგენენ, თუ რატომ არის ვინმე ჩიხში და ეხმარებიან ჩიხიდან გამოსვლაში, ასევე აქვთ ადაპტაციის საოცარი უნარი – ხვდებიან, რომ ყველა ერთნაირად ვერ სწავლობს, ამიტომაც ცვლიან თავიანთ მიდგომებს.
ბიზნესში დამფუძნებლებს განვითარების მასშტაბურ ეტაპზე გადასვლა სწორედ იმიტომ უჭირთ, რომ მათ არ შეუძლიათ საქმის კეთებიდან საქმის გაძღოლის ეტაპზე გადასვლა. სწრაფად ცვალებად ორგანიზაციებში ეს უნარი მნიშვნელოვნად გაზრდის ლიდერთა ეფექტურობას.
ასეა ცხოვრებაშიც. მშობელი შეიძლება შესანიშნავად ზრუნავდეს შვილებზე, მაგრამ უჭირდეს მათთვის მენტორობის გაწევა, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ წარმატების მიღწევა.
გვინახავს შესანიშნავი შემსრულებლები, რომლებიც ლიდერებად ვერ ჩამოყალიბდნენ და გვინახავს საშუალო დონის მოთამაშეები, რომლებიც ლეგენდარული მწვრთნელები გახდნენ.
ამიტომ ბიზნესში უნდა განვასხვავოთ როლები ერთმანეთისგან და გვესმოდეს, ვინ არის და როგორი უნდა იყოს ლიდერი-მოთამაშე და ლიდერი-მწვრთნელი?
ლიდერი-მოთამაშე
საკუთარი წვლილითა და მაგალითის მიცემით უფრო გამოირჩევა, ვიდრე სტრატეგიული მიზნების დასახვით. თავადაც აქტიურად მუშაობს, კარგი შემსრულებელია და შეუძლია მოკლევადიანი მიზნების გუნდთან ერთად შესრულება. საკუთარი ჩართულობით წინა ხაზზე ბრძოლის მაგალითს აძლევს გუნდის წევრებს, აჩქარებს მიზნის მიღწევას. მოქმედებს, შრომობს, ერიდება დელეგირებას და უშუალოდ მონაწილეობს პროცესების მართვაში.
ლიდერი-მწვრთნელი
სხვების განვითარებასა და ზრდაზეა ორიენტირებული. პროცესებს გვერდიდან აკვირდება, გუნდის წევრებს განვითარებაში ეხმარება, ქმნის სწავლის კულტურას, მოსმენითა და კითხვების დასმით ახალი ლიდერების გაზრდას, მათთვის დამოუკიდებელი სამოქმედო ასპარეზის უზრუნველყოფასა და ბიზნესის გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს. საკუთარი ეგოს გამოვლენის ნაცვლად სხვების გაბრწყინებისთვის მუშაობს.
საუკეთესო ლიდერები საჭიროებისამებრ იცვლიან როლებს – მოედანზეც არიან გუნდთან ერთად და გარედანაც ეხმარებიან გუნდს უკეთესი შედეგების მიღწევაში. ისინი ამ როლებს ერთმანეთში არ ურევენ და იციან, როდის უნდა იყვნენ მოედანზე და როდის მოედნის გარეთ.
და შენ რომელ როლში ხარ უფრო ხშირად?
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge