გირჩევთ წაიკითხოთ: რობერტ გრინის "ცდუნების ხელოვნება"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ მსგავსი თემატიკის ლიტერატურა გაინტერესებთ, რობერტ გრინის შესახებ ალბათ უკვე გსმენიათ. მისი წიგნების გაყიდვა გარკვეულ ქვეყანაში არ არის დაშვებული, ხოლო ამერიკის ზოგიერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალულ ლიტერატურათა შორისაა მანიპულაციის წახალისების არგუმენტით.
"ცდუნების ხელოვნება" გრინის გახმაურებულ ნაშრომთაგან ერთ-ერთია, რომელიც იმის მიუხედავად, ეთანხმებით თუ არა იმ იდეებსა და მოსაზრებებს, რომლის განმტკიცებასაც ავტორი ცდილობს, გაიძულებთ, რომ სულ მცირე, დაფიქრდეთ ამ საკითხებზე და თქვენი მიდგომა ან დამოკიდებულება შეიმუშაოთ.
ავტორი აღწერს მცდუნებელთა ათ ტიპს, რომლებსაც განსხვავებული მახასიათებლები, მოტივები და ქცევები აქვთ. შემდეგ, თითოეული ტიპის ჭრილში მისი მოსაზრების განსამტკიცებლად ისტორიულ, ფსიქოლოგიურ და სხვა წყაროებს მოიხმობს, რისი საშუალებითაც განავრცობს და დეტალურად აღწერს ქცევის მახასიათებლებს, შესრულების სტრატეგიებს და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ხრიკებს.
წიგნი გაჯერებულია ფსიქოლოგიური, ისტორიული ფაქტებით და მოვლენების ავტორისეული ინტერპრეტაციებით, რაც ერთი მხრივ, წიგნს საინტერესოს და დამაინტრიგებელს ხდის, მეორე მხრივ კი, საჭიროებს კრიტიკულ, რაციონალურ აზროვნებას, რათა ავტორის პირადი პრეფერენციების იდენტიფიცირება მარტივად მოახდინოთ.
ისტორიული კონტექსტი
გრინი ხშირად ირჩევს ისტორიული ფიგურების ისეთ ასპექტებს, რომლებიც თეორიებთან ახლოსაა, მაგრამ უგულებელყოფს სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს. მაგალითად, ის კლეოპატრას პოლიტიკურ წარმატებას მთლიანად მის "მაცდურობას" მიაწერს, თუმცა, რეალურად კლეოპატრას ჰქონდა ძლიერი ინტუიცია, ეფექტური კომუნიკაციის უნარი და საკმაოდ ბრძენი მრჩეველთა კაბინეტი ჰყავდა.
მიუხედავად ამისა, გრინის ისტორიული პორტრეტები ცოცხალი და დასამახსოვრებელია. ის ახერხებს, რომ ისტორიული ფიგურები არა მუზეუმის ექსპონატებად, არამედ ცოცხალ, კომპლექსურ პიროვნებებად წარმოვიდგინოთ. მარია ანტუანეტას, ბაირონისა თუ მერილინ მონროს ავტორისეული დახასიათება გარკვეულწილად ცვლის ჩვენს რწმენას და ვაღიარებთ, რომ "ქარიზმა" და "მიმზიდველობა" არ არის მხოლოდ გარეგნული თვისებები, არამედ ქცევითი და ფსიქოლოგიური მახასიათებლებია.
ფსიქოლოგიური ასპექტები
მიუხედავად სათაურისა, წიგნი მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს ადამიანური ფსიქოლოგიის გასაგებად. ის ხსნის, რატომ ვრეაგირებთ გარკვეულ ქცევაზე და რატომ გვიზიდავს გარკვეული ადამიანები. გრინი ბრწყინვალედ აღწერს, როგორ ვპროექტირებთ ჩვენს არაცნობიერ სურვილებს.
ასევე, წიგნში აღწერილი მაცდუნებელთა ტიპები ძალიან ახლოსაა იუნგის არქეტიპებთან, ეს არის კოლექტიური არაცნობიერის პატერნები, რომლებიც ყველა კულტურაში არსებობს.
გრინი მისი ერთ-ერთი თეორიის გასამყარებლად აღწერს კოგნიტური დისონანსის ფენომენს. მაგალითად, როდესაც ადამიანი ერთდროულად ფლობს ორ ან მეტ ურთიერთგამომრიცხავ რწმენას ან ქცევას.
ან, როცა ადამიანი დაკარგულს იბრუნებს, შეიძლება ეცადოს წარსული ქმედების გამართლებას ან ხელახალ შეფასებას, ასე კი მის მნიშვნელობას ზედმეტად ზრდის, რათა შიდა ჰარმონია აღიდგინოს.
კოგნიტური დისონანსი უფრო მეტად ნეიროქიმიური რეაქციაა და არა მანიპულაცია ან ცდუნება, თუმცა ავტორი ამ ფენომენს კონკრეტული მიზნითა და მიზეზით მოიხმობს, რასაც დეტალურად წიგნში გაეცნობით.
წიგნის პრაქტიკული ღირებულება პროფესიულად
მიუხედავად ეთიკური ნაკლოვანებებისა, წიგნის რამდენიმე ღირებული პრინციპი წარმატებით შეიძლება დამკვიდრდეს სხვადასხვა სფეროში:
- მარკეტინგში: ბრენდის პიროვნების ჩამოსაყალიბებლად
- ლიდერობაში: გუნდის მოტივაციის ასამაღლებლად
- კომუნიკაციაში: აუდიტორიასთან რელევანტური კავშირის დასამყარებლად
- კარიერაში: საკუთარი უნიკალური ღირებულების იდენტიფიცირებისთვის
წიგნის შეძენას შეძლებთ ონლაინ Entrepreneur Shop-სა და Palitral.ge-ზე, ასევე წიგნის მაღაზიათა ქსელებში.