GeoSTQB-ის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, საქართველო ISTQB-ის გლობალურ კონფერენციას მასპინძლობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უკვე მეოთხე წელია, რაც თიბისი ტესტერების საერთაშორისო დღის გენერალური სპონსორია. GeoSTQB - საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების კვალიფიკაციის საბჭოსთან ეს პარტნიორობა კომპანიისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ფორმალური ჩართულობა.
თიბისის მიზანი არ არის მხოლოდ საკუთარი გუნდის განვითარება; ის ხედავს თავის როლს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს, რომელიც აქცენტს სვამს ქვეყნის მასშტაბით ხარისხიანი ტექნოლოგიური კულტურის დამკვიდრებაზე. "ძალიან მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიური მიმართულების განვითარება როგორც ორგანიზაციის, ასევე ქვეყნის მასშტაბითაც," - ამბობს ალეკო ისკონიანი, "ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩავერთოთ ყველა მნიშვნელოვან ტექ ღონისძიებაში. ტესტერების დღე ამ მხრივ გამორჩეულია - უკვე ტრადიციად გვექცა ამ კონფერენციის მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა. გვჯერა, რომ ჩვენი ჩართულობით, ტექ სფეროსა და განსაკუთრებით, ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების ცნობადობა საგრძნობლად იზრდება."
2025 წლის ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: საქართველო პირველად მასპინძლობს ISTQB-ის გლობალურ ყოველწლიურ შეკრებას. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ მოიპოვა სანდოობა და პროფესიული სტანდარტები, რომელთაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. სცენაზე წარდგებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის სპეციალისტები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას და ხედვებს გაუზიარებენ აუდიტორიას.
"წელს ორმაგად საინტერესო ტესტერების დღე გველოდება," - ამბობს ალეკო. "ასეთი დონის ღონისძიებები პირდაპირ ემსახურება ტექ სფეროს პოპულარიზაციას, როგორც უკვე შემდგარ პროფესიონალებში, ასევე ახალბედებში და ენთუზიასტებში." თიბისისთვის ხარისხის უზრუნველყოფა მხოლოდ ტესტირების პროცესის მექანიკური ნაწილი არ არის, ეს არის კომპანიის ღირებულების საფუძველი. ტექნოლოგიური გუნდი აქ არ განიხილება მხოლოდ ფუნქციური ოპერაციების შემსრულებლად - ის არის ინოვაციების და ხარისხის გარანტი. "ხარისხი ჩვენი განვითარების #1 ფაქტორია," - განმარტავს ალეკო. "და ეს არ არის მხოლოდ ლოზუნგი, ეს ჩვენი გუნდის რეალური მოტივაციაა. წლიდან წლამდე ვისახავთ უფრო ამბიციურ გეგმებს და ვაღწევთ კიდეც შედეგებს.".
კონფერენციაზე თიბისის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება სისტემების წარმადობის ტესტირება - მიმართულება, რომელიც დღეს, მაღალი დატვირთვის ციფრულ გარემოში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე ისაუბრებს გუნდის გამორჩეული სპეციალისტი, ირინა ინაშვილი.
გარდა ამისა, თიბისის ტესტირების ინჟინრები - ალინა ტყაბლაძე, ლუკა ცინარიძე, ილია ბოლოთაშვილი და შოთა კვეტენაძე, ჩაატარებენ პრაქტიკულ ვორქშოპს ვიზუალური ტესტირების შესახებ, სადაც მონაწილეებს გააცნობენ კომპანიაში დანერგილ მიდგომებს და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკებს.
GeoSTQB-ის პრეზიდენტი, ნათია სირბილაძე, ამბობს, რომ ტესტერების დღე QA სფეროსთვის გადამწყვეტი შესაძლებლობაა: "როდესაც საქართველო მასპინძლობს ISTQB-ის გლობალურ კონფერენციას, ეს ნიშნავს, რომ უკვე გვყავს პროფესიული საზოგადოება, რომელიც საერთაშორისო ნდობას იმსახურებს. წლებია ვმუშაობთ იმაზე, რომ ტესტირება პროცესის ბოლო ნაბიჯად კი არა, სტრატეგიულ ღირებულებად დავამკვიდროთ - და დღეს ამის შედეგს უკვე რეალურად ვხედავთ."
მისი თქმით, ღონისძიება მნიშვნელოვანია როგორც დამწყებებისთვის, ისე გამოცდილ სპეციალისტებისთვის, ერთ მხარეს — ახალი ინსპირაცია და კავშირები, მეორე მხარეს — გამოცდილების გაზიარების პლატფორმა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს პროფესიულ ქსელს.
ნათიას თქმით: თიბისის-ის პარტნიორობა GeoSTQBთან ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს - სწორედ ასეთი კოლაბორაციები ქმნის გარემოს, სადაც ხარისხი არა მხოლოდ ინდივიდუალური პროფესიონალების საზრუნავია, არამედ საერთო სტრატეგიული ღირებულება, რომელიც აერთიანებს კერძო სექტორსა და პროფესიულ საზოგადოებას.