ახალი კამპანია სისხლის უანგარო დონაციის მხარდასაჭერად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"საქართველოს ბანკმა" სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციასა და სააგენტო ვინდფორსთან ერთად მოხალისეობრივი პროექტი წამოიწყო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით დონორობის მსურველებს სიცოცხლის გადასარჩენად აერთიანებს.
სწორედ ამ მიზნით "საქართველოს ბანკმა" შექმნა პლატფორმა, რომელზეც ბანკის 8 400 თანამშრომელს, მათი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ და დააფიქსირონ მზაობა სხვის დასახმარებლად ნებისმიერ დროსა და ადგილას.
ამ ინიციატივასთან დაკავშირებით Entrepreneur ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.
გვიამბეთ, როგორ გაჩნდა ეს იდეა და რატომ გადაწყვიტეთ მისი განხორციელება?
ირაკლი აბესაძე, "საქართველოს ბანკის" შიდა ჩართულობის გუნდის უფროსი:
"ბანკის შიგნით ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივები, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს და რეალურ გავლენას ახდენს. სისხლის უანგარო დონაცია ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ერთიანობის ძალა სიცოცხლეს უნარჩუნებს".
როგორც ირაკლი აღნიშნავს, პირველი ეტაპი იყო იდეის ჩამოყალიბება და ტექნიკური გადაწყვეტის მოძებნა, თუ როგორ უნდა შექმნილიყო პლატფორმა, რომელიც მარტივად იმუშავებდა და მომხმარებლისთვის ინტუიციური იქნებოდა.
შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა კრეატიულ სააგენტო WINDFOR'S-თან, რომელმაც ეს ნათელი და ფუნქციური გადაწყვეტა იპოვა. პროცესში ასევე ჩართული იყო "სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაცია", რომლის გამოცდილება და რესურსი პროექტის სანდოობისა და ეფექტურობის გარანტია გახდა.
ირაკლი ასევე გვიყვება, რომ პლატფორმის ამოქმედების შემდეგ უკვე რამდენიმე დღეში ასობით ადამიანი დარეგისტრირდა, რაც ცხადყოფს საზოგადოების საჭიროებასა და სურვილს, მონაწილეობა მიიღოს საყოველთაოდ მნიშვნელოვან საქმეში.
დაინტერესებულმა პირმა როგორ და სად უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით, და რა ეტაპები უნდა გაიაროს?
ირაკლი აბესაძე:
"ყველა დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე – blooddonors.bog.ge. პიროვნება, რომელიც მზად არის სისხლის ჩასაბარებლად, რეგისტრაციისას მიუთითებს საკუთარ სისხლის ჯგუფსა და ლოკაციას. საჭიროების შემთხვევაში კი ორგანიზაცია "სისხლის უანგარო დონორები" პირდაპირ უკავშირდება პოტენციურ დონორს და აწვდის დეტალურ ინსტრუქციას. პროცესი მარტივია, მაგრამ მისი შედეგი შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს.
ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი წაახალისებს მეტი ადამიანის ჩართულობას, გაზრდის ცნობიერებას და, საბოლოოდ, შექმნის ძლიერ, სისტემურ დონორთა ქსელს, რომელიც საზოგადოებაში სოლიდარობისა და ერთმანეთზე ზრუნვის კულტურას გააძლიერებს".
თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი სისხლის უანგარო დონაცია და ამ კუთხით სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება?
მარიამ კოღო ჩარგაზია, Windfor's-ის უფროსი ქოფირაითერი:
"სისხლის უანგარო დონაციას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – ჩვენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ახლობლებსა თუ საერთოდ უცნობ ადამიანებს ჩვენ ირგვლივ, ხშირად სასიცოცხლოდ სჭირდებათ კონკრეტული ჯგუფის სისხლი.
ამ კამპანიისთვის, არსებული ყოველდღიურობიდან გამომდინარე, მთავარი იყო ცნობიერების ამაღლება. ჩვენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ახლობლებსა თუ საერთოდ უცნობ ადამიანებს ჩვენ ირგვლივ ხშირად დასჭირვებიათ კონკრეტული ჯგუფის სისხლი, რომლის მობილიზებაც, ძირითად შემთხვევებში, სოციალური ქსელების მეშვეობით, ინფორმაციის გაზიარებით ხდებოდა. რაც, თავის მხრივ, ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული".
მარიამი განმარტავს, რომ სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციის ჩართულობით "საქართველოს ბანკმა" ახალი პლატფორმა შექმნა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, დააფიქსიროს მზაობა სხვისი დახმარებისთვის და გაიღოს სისხლი იქ და იმ დროს, როცა ეს სიცოცხლისთვის არის საჭირო.
"საქართველოს ბანკის" თანამშრომლებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ, ამ პრობლემის საკმაოდ შემსუბუქება შეუძლიათ. ამით, ერთი მხრივ, თითოეული ადამიანი აცხადებს მზაობას, რომ როცა მისი ჯგუფის სისხლი იქნება საჭირო, დაეხმარება სხვებს. მეორე მხრივ კი, ეს კამპანია ხელს უწყობს სისხლის დონაციის თემის გარშემო მეტ ინფორმირებულობასა და ჩართულობას".
რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ დონაციაში მონაწილეობა, მაგრამ ყოყმანობენ, რადგან არ იციან, როგორ აისახება ეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
მელანო დურმიშიძე, "სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციის" დირექტორი:
"ეს არის პროცესი, რომელიც ადამიანის, ამ შემთხვევაში დონორის, მენტალურ მდგომარეობასაც და ჯანმრთელობასაც უმეტეს შემთხვევებში ერთნაირად აუმჯობესებს.
სისხლის უანგარო დონაცია დონორისთვის უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია. დონაციამდე ყველა პოტენციური დონორი გადის მოკლე სამედიცინო შემოწმებას, რაც გულისხმობს, რომ დონაციის პროცესი ხშირად ეხმარება ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის უკეთ კონტროლში.
გარდა ამისა, წელიწადში რეგულარულად რამდენიმეჯერ სისხლის ჩაბარებას გრძელვადიანად დიდი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის და ქრონიკული დაავადებების პრევენციას ახდენს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ, მაინც ის სიხარულია, რომელიც ადამიანისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში დახმარების შესაძლებლობას გულისხმობს. მით უფრო, იმის გაანალიზება, რომ იმ კონკრეტულ მომენტში შენ იყავი ის ადამიანი, ვინც ნამდვილად სასიცოცხლო დახმარება გაუწია უცნობს, რადგან ამ ეტაპზე სისხლის ჩამნაცვლებელი პრეპარატი ჯერ არ ასებობს".
როგორც მელანო აღნიშნავს, დონორი უნდა იყოს ჯანმრთელი, თავს კარგად გრძნობდეს და არ ჰქონდეს ინფექცია ან სხვა მწვავე დაავადება. ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ასაკი უნდა იყოს 18 -65 წელი, მინიმალური წონა – 50 კგ.
დონაციის დღეს საჭიროა მსუბუქი საუზმე, ბევრი სითხე და ალკოჰოლის თავიდან არიდება. მძიმე ფიზიკური დატვირთვა არ არის რეკომენდებული. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა და ტარდება ერთჯერადი ინსტრუმენტებით.
წინასწარ ტარდება სამედიცინო შემოწმება, რაც გულისხმობს წნევის და ჰემოგლობინის გასინჯვას. დონაციის შემდეგ საჭიროა მეტი სითხის მიღება და 24 საათის განმავლობაში ალკოჰოლისა და მძიმე დატვირთვისგან თავის შეკავება.
ამ წამოწყებამდე და წამოწყების შემდეგ რამდენად გაიზარდა დონორების აქტივობა, და რა დადებითი გავლენა იქონია ამ პროცესმა?
მელანო დურმიშიძე:
"ჩვენს ორგანიზაციას უკვე წლებია ჰყავს აქტიური და მუდმივად მობილიზებული დონორების ბაზა. თუმცა აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკთან" თანამშრომლობის ფარგლებში ეფექტიანობა გაიზარდა. ვინაიდან ინიციატივის დაწყების შემდეგ "საქართველოს ბანკის" პლატფორმამ მნიშვნელოვნად გააფართოვა პოტენციური დონორების წრე.
აღნიშნული კი გულისხმობს, რომ ალბათობა, კონკრეტულ ლოკაციაზე კონკრეტული სისხლის ჯგუფით დონორი ვიპოვოთ, საკმოად გაზრდილია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა სისხლის უანგარო დონაციის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ზურგს ქართულ ბაზარზე ასეთი "დიდი სახელი" გვიმაგრებს.
ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით სისხლის უანგარო დონაციის კულტურაც გაძლიერდება და მაგალითს აიღებენ როგორც სხვა დიდი კომპანიები, ასევე ადამიანები – ყველანი ერთად კი ბევრად უფრო ძლიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობით სავსე სოციუმი გავხდებით".
რა რჩევას მისცემდით დონორობის მსურველებს?
მელანო დურმიშიძე:
"პერიოდულად ყველას გვჭირდება შეხსენება, რომ სუპერძალები გვაქვს. ჩვენს გუნდს სჯერა, ერთ-ერთი სუპერძალა სისხლის უანგარო დონაციაა. ადამიანს, რომელიც სიცოცხლეს ებღაუჭება, უზიარებ ყველაზე ძვირფასს და ჩაუნაცვლებელს – შენს სისხლს.
ასეთი უკუკავშირი, როგორიცაა "მე თქვენმა გუნდმა გადამირჩინა შვილი", უდიდესი ბედნიერებაა და სხვა არაფერი შეედრება. ამ პროცედურის ფარგლებში, ყველაზე ნამდვილი ხდება სიტყვები "ადამიანი ადამიანისთვის დღეა".