Hostship.ge – პირველი მრავალფუნქციური პლატფორმა ქართული სტუმარმასპინძლობის სექტორში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ციფრულ ეპოქაში, როდესაც პლატფორმები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ კომუნიკაციასა და ეკონომიკურ პროცესებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ ეფექტურად წარმოაჩინოს საკუთარი უნიკალური რესურსები და ტრადიციები. საქართველო, რომელიც ისტორიულად გამოირჩევა უნიკალური სტუმარმასპინძლობის კულტურით, ამ ღირებულების თანამედროვე ტექნოლოგიებით გავრცელებას ახალი ფორმით იწყებს. სწორედ ამ კონტექსტში გაჩნდა Hostship.ge – პირველი მრავალფუნქციური პლატფორმა ქართული სტუმარმასპინძლობის სექტორში.
"ჰოსთშიფი" არის პლატფორმა, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანი და გამოსადეგია როგორც მასპინძლებისთვის, ისე სტუმრებისთვის. მასპინძლებისთვის – რომლებიც ფლობენ სასტუმროებს, კოტეჯებს, კვების ობიექტებს ან სხვა ტურისტულ სერვისებს – ეს სივრცე წარმოადგენს შესაძლებლობას, საკუთარი ისტორია ფართო აუდიტორიამდე მიიტანონ. პლატფორმა მათ აძლევს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი საქმიანობის უნიკალურობა, ის ღირებულებები და ყოველდღიური შრომის შედეგები, რომელიც ქართულ სტუმარმასპინძლობას განსაზღვრავს.
"ჰოსთშიფის" მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილი მომსახურების განვითარებასა და მის ფართო გავრცელებას. პლატფორმა არა მხოლოდ წარმოადგენს მასპინძლების ისტორიების გავრცელების არხს, არამედ მათ ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიების ჩამოყალიბებაშიც ეხმარება. მისი მიზანია, წარადგინოს ისინი იმგვარად, რომ ფართო აუდიტორიისთვის გახდნენ საინტერესო და მოთხოვნადი – განსაკუთრებით იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ავთენტური, ადგილობრივ გამოცდილებაზე დაფუძნებული სერვისების ძიებაში არიან. მრავალფეროვანი ვიზუალური კონტენტის – პროფესიონალურად გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების – მეშვეობით, თითოეული სივრცე მიმზიდველად და ზუსტად წარმოჩინდება. ეს კი ხელს უწყობს სტუმრების დაინტერესებას და, შედეგად, მასპინძელთა შემოსავლების ზრდას წლის ნებისმიერ დროს.
გარდა ამისა, "ჰოსთშიფი" მომხმარებლებს აცნობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების გამოცდილებას, წარმატებული მოდელების მაგალითებსა და მართვის თანამედროვე მიდგომებს. პლატფორმა სთავაზობს პრაქტიკულ რჩევებსა და ინფორმაციულ რესურსებს, რომლებიც ეხმარება მასპინძლებს ოპერაციული პროცესების გამარტივებასა და ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანად მართვაში. ასევე, გამოყოფს და აცნობს იმ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ხელს უწყობს სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.
სტუმრებისთვის კი "ჰოსთშიფი" წარმოადგენს სანდო მეგზურს. პლატფორმა მათ სთავაზობს გადამოწმებულ ინფორმაციას, რეალურ რეკომენდაციებსა და გამოცდილ სერვისებზე წვდომას, რაც საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს ამარტივებს და სიამოვნებას აორმაგებს. სტუმარს შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია გასტრონომიის, გართობის, დასვენების, უსაფრთხოებისა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულების შესახებ – იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას.
"Hostship.ge-ის შექმნის მთავარი მიზანი იყო სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ხარისხის გაუმჯობესება, სანდო კავშირების შექმნა და ინფორმაციის მოძიების პროცესის გამარტივება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. იდეა წლების გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად გაჩნდა. სამუშაო პროცესში ყოველთვის ვაწყდებოდი უამრავ შეცდომით პოზიციონირებულ სასტუმროებსა თუ კვების ობიექტებს, ბიზნესები ხშირად ვერ ავლენენ საკუთარ პოტენციალს საკომუნიკაციო სტილისა და ხარისხიანი კონტენტის უქონლობის გამო. ამიტომ, გადავწყვიტე, შემექმნა სივრცე, რომელიც ბრენდებს დაეხმარება სწორი პოზიციონირებითა და კონტენტით თავიანთი ძლიერი მხარეების წარმოჩენაში და მომხმარებლებს მისცემს სანდო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას – რაც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. პლატფორმაზე საერთაშორისო ბრენდების ისტორიებს, მათ გამოცდილებას, მიდგომებსა და ტენდენციებსაც ვუზიარებთ ადამიანებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტისა თუ მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, რომელთა შესახებაც ინფორმაციები იმდენად გაფანტულია, ხშირად ვერ აღწევს ადრესატამდე, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი მათ შესახებ ამბის სწორად გაზიარებაც არის", – Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ანა ჭინჭარაული, Hostship.ge-ის დამფუძნებელი.
როგორც პლატფორმის იდეის ავტორი განმარტავს, "ჰოსთშიფის" გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა. პლატფორმის შექმნა ისეთ არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოში, სადაც ტურიზმი, სერვისების სექტორი და მომხმარებელთა ნდობა განსაკუთრებით მოწყვლადია, ცალსახად დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გამოკვეთა საჭიროება ახალი, სანდო და მდგრადი ციფრული არხის არსებობისა, რომელიც შეძლებდა ბიზნესის მხარდაჭერას რთულ დროს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი პროექტის საწყის ეტაპზე სწორედ ფინანსური რესურსების ნაკლებობა იყო. ინვესტიციების გარეშე, მხოლოდ იდეაზე, პროფესიულ გამოცდილებასა და პრაქტიკაში დაგროვილ ცოდნაზე დაყრდნობით, პლატფორმის ავტორი მცირე მეგობრული წრის მხარდაჭერით შეუდგა საქმეს. განსაკუთრებული როლი შეასრულა ვებგვერდის ტექნიკური გუნდის წვლილმა – საიტის კონცეფცია და განვითარება განხორციელდა ლუკა ხალაძისა და Web Features-ის მონაწილეობით, რომელთა დახმარებით შესაძლებელი გახდა იდეის ციფრულ ფორმატში გარდაქმნა.
ანა ჭინჭარაული აღნიშნავს, რომ სირთულეების მიუხედავად, პლატფორმის შემქმნელისთვის ეს პროცესი თავიდანვე აღიქმებოდა არა როგორც დაბრკოლება, არამედ როგორც მოტივაცია. მისი დამოკიდებულება, რომ გულწრფელი რწმენა საკუთარი იდეის მიმართ და ერთგულება საქმეზე – საშუალებას აძლევს ადამიანს, გაუძლოს ყველაზე რთულ პერიოდებს – გახდა ის საფუძველი, რომლის წყალობითაც "ჰოსთშიფი" ეტაპობრივად იქცა რეალურ, ფუნქციონალურ და მზარდ პლატფორმად ქართული სტუმარმასპინძლობის სექტორში.
მომდევნო ეტაპზე პლატფორმის მთავარი ამოცანა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის "ჰოსთშიფის" ღირებულების გაცნობაა – კონკრეტულად კი იმ ძირითადი პრინციპებისა, რაც წარმატებული ბრენდის პოზიციონირებისთვის აუცილებელია: მკაფიო სტრატეგია, გამართული კომუნიკაცია და მაღალი ხარისხის ვიზუალური და შინაარსობრივი კონტენტი. იმ პირობიდან გამომდინარე, რომ პლატფორმა ორენოვანია (ქართული და ინგლისური), ერთ-ერთი პრიორიტეტი არის საერთაშორისო ვიზიტორების საჭიროებებზე მორგება. მიზანია, Hostship.ge არ იყოს მხოლოდ ადგილობრივი აუდიტორიისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი, არამედ გადაიქცეს სანდო მეგზურად მათთვისაც, ვინც გეგმავს საქართველოს მონახულებას და ეძებს ხარისხიან, უსაფრთხო და ავთენტურ გამოცდილებას.
გრძელვადიან პერსპექტივაში, პლატფორმის განვითარების მიმართულება კიდევ უფრო ფართოა. შექმნის სტრატეგია ითვალისწინებს ფუნქციური მობილური აპლიკაციის დამუშავებას, რომელიც, ერთი მხრივ, სასტუმროებისთვის იქცევა დამატებით გაყიდვების არხად, ხოლო მეორე მხრივ, მოგზაურებისთვის – სრულყოფილ და ინტუიციურ ციფრულ მეგზურად. აპლიკაცია იქნება ის სივრცე, სადაც მომხმარებელი მარტივად მიიღებს საჭირო ინფორმაციას, დაგეგმავს ვიზიტს და მიიღებს რეკომენდაციებს ერთიანი ეკოსისტემის ფარგლებში.
"გრძელვადიან პერსპექტივაში Hostship-ს ვხედავ როგორც აპლიკაციას, რომელიც სასტუმროებისთვის იქნება დამატებითი გაყიდვების არხი, ხოლო მოგზაურებისთვის – ეფექტური, სანდო მეგზური. თუმცა, მანამდე ბევრი შრომაა წინ. აქვე მინდა Entrepreneur Georgia-ს გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის საწყის ეტაპზე მსგავსი მხარდაჭერა.
ჩემთვის ინსპირაციის მთავარი წყაროა ადამიანები – მათი ქცევა, ემოცია, დამოკიდებულება კონკრეტული სერვისის მიმართ, მათი რეაქციები, უკმაყოფილება ან კმაყოფილება, როცა რაიმე გამოცდილებას იღებენ. ყოველთვის ვაკვირდები, როგორ იძიებენ ინფორმაციას, რას აფასებენ ყველაზე მეტად და ამ დაკვირვებებიდან გამომდინარე ვსწავლობ, როგორ გავაუმჯობესო კომუნიკაცია, შინაარსი და ვიზუალური გამოცდილება თითოეული ობიექტის შესახებ. უშუალოდ ჩემს შემოქმედებით ნაწილში კი, ის, რაც სულ მაძლევს ინსპირაციასა და ენერგიას, ბუნებაში ყოფნა, მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა და მათ განწყობებზე დაკვირვებაა", – აცხადებს ანა ჭინჭარაული.