ავტოფარეხში გახსნილი "სოციალური განვითარებისა და განათლების ცენტრი", რომელიც დუშეთში მცხოვრებ ბავშვებს განვითარებაში ეხმარება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მარიამ ჯაბნიაშვილი, არის ახალგაზრდა სოციალური მეწარმე და ამავდროულად ფსიქოლოგი (ენისა და მეტყველების თერაპევტი),რომელმაც უმაღლესი განათლების და საკუთარი პროფესიით მუშაობის შემდეგ მშობლიურ ჟინვალში დაბრუნება და იქ საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა გადაწყვიტა.
თუმცა, ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე, მან დიდი გამოცდილება დააგროვა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბავშვებთან დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგად. ასევე, შეისწავლა ენისა და მეტყველების თერაპია და ქცევითი თერაპია , რის შემდეგაც კერძო სკოლებში ასწავლიდა სამოქალაქო განათლებასა და მენტალური არითმეტიკას.
მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა საკუთარი ხელით ავტოფარეხში მოაწყო "სოციალური განვითარებისა და განათლების ცენტრი", რომელიც უკვე 80 ბავშვს და მოზარდს ემსახურება. აქამდე რეგიონში მსგავსი მომსახურება და ცენტრი არ არსებობდა. დღეს ის ერთადერთი ცენტრია,სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები სწავლობენ და ივითარებენ საჭირო უნარებს. მარიამი თამაშის პრინციპითა და საკუთარი ხელით დამზადებული განმავითარებელი მასალებით ასწავლის ბავშვებს, რაც მათ მოტორიკის, აზროვნებისა და ლოგიკის განვითარებაში ეხმარება. ის რეგიონში ინკლუზიურ და არაფორმალურ განათლებას უწყობს ხელს და ცდილობს დაამსხვრიოს სტერეოტიპები და სტიგმები სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვების შესახებ.
რეგიონში დაბრუნებისას მარიამმა 5 ადგილობრივი დაასაქმა; მან შემოიკრიბა საჭირო ადამიანები, ვინც ამ კეთილ და მნიშვნელოვან საქმეში მხარი აუბა. თავდაპირველად ადგილობრივი მასწავლებლები გადაამზადა, დაიმატა კიდევ ერთი ფსიქოლოგი და დღეს ისინი უკვე მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობენ 4-დან 18 წლამდე ბავშვებს: ქცევის თერაპია; ენისა და მეტყველების თერაპია; აკადემიური უნარების, ქართული ენისა და მათემატიკის ინტეგრირებული კურსები; ლოგიკის კურსი და სოციალური განათლების კურსი. თითოეული კურსი გათვლილია სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვზე და ეხმარება მათ სხვადასხვა პრობელმისა და გამოწვევის დაძლევაში, როგორიცაა მეტყველების პრობლემა, ქცევითი დარღვევა, სწავლაში ჩამორჩენა და ემოციური პრობლემები. მაგალითად სოციალური განათლების კურსი განკუთვნილია თინეიჯერებისთვის, ის ემოციურ მხარდაჭერას უწევს მოზარდებს, ეხმარება საჭირო უნარების განვითარებაში, საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენაში და სწავლის მოტივაციის გაზრდაში. აღსანიშნავია, რომ ცენტრი პერიოდულად ატარებს უფასო კონსულტაციებს მათთვის, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს, რასაც ასევე სარგებელი მოაქვს მშობლებისთვის და მათ დაკვალიანებაში ეხმარება. მშობლების ჩართულობა ბავშვის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია, რადგან ის სავარჯიშოები თუ რეკომენდაციები, რომელიც ბავშვს ცენტრში ეხმარება სირთულეების დაძლევაში, სასურველია რომ ოჯახურ გარემოშიც იქნას გათვალისწინებული.
როგორც მშობლები აღნიშნავენ, მათ ბავშვებში უკვე შეინიშნება დიდი პროგრესი. ვისაც მეტყველების პრობლემა ჰქონდა, მათ საუბარი დაიწყეს, ვისაც სწავლა უჭირდა, ისინი უკვე ადვილად ითვისებენ მასალას , ბევრმა მათგანმა ტექნიკური და მათემატიკური უნარებიც განივითარა.
"ცენტრში დადიან როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირები, ასევე ტიპური განვითარების ბავშვები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან არის მაღალი ხარისხის ინკლუზია, რაც ნიშნავს ერთიანობას, წევრობას, თანასწორობას. ჩვენი სათერაპიო სერვისები და გაკვეთილებიც აწყობილია ისე, რომ ერთ სივრცეში მრავალფეროვანი საჭიროების მქონე ბავშვები იღებენ საჭირო სერვისს და ვითარდებიან," განმარტავს მარიამი.
როგორც ის იხსენებს, ცენტრის გახსნის იდეა ერთ-ერთ ზაფხულს გაჩნდა, როდესაც მარიამი დასასვენებლად იყო ჩასული მშობლიურ დაბაში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.
"ჟინვალში დასასვენებლად რომ ვიყავი ჩასული, ადგილობრივმა მშობლება მომიყვანეს თავიანთი ბავშვები, რათა მათთან მემუშავა და თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა აღმომეჩინა. საბოლოოდ ჩემი დასვენება გადაიზარდა ჩვეულებრივ ყოველდღიურ მუშაობაში. ექვსს ბავშვს, რომლებთანაც ვმუშაობდი 2 კვირის თავზე საგრძნობი წინსვლა ჰქონდათ. როცა თბილისში დავბრუნდი, მივხვდი, რომ იმ ბავშვებს კვლავ ჭირდებოდათ ჩემი მხარდაჭერა, რადგან რეგიონში არ არსებობდა არანირი სერვისი მათთვის. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი, ვინც ამ საქმეს წამოიწყებდა და ადგილობრივ ბავშვებს მხარდაჭერას აღმოუჩენდა. როცა დავბრუნდი რეგიონში, თავდაპირველად ბავშვებს სახლში ვიღებდი, თუმცა როცა მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, დავიწყე ალტერნატიული სივრცის ძებნა. რადგან ჟინვალში ცენტრისთვის შესაბამისი ფართის პოვნა თითქმის შეუძლებელი იყო, საბოლოოდ ერთმა მეზობელმა თავის ავტოფარეხი დამითმო, სადაც მოვაწყეთ სასწავლო ცენტრი. ჯერ ერთი ავტოფარეხით დავიწყეთ, შემდეგ მეორეც მივამატეთ. ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე, ფარეხი გავარემონტე, ჭერი შევაკეთე და ვეცადე სივრცე მაქსიმალურად სახალისოდ მომეწყო, რაშიც საკუთარი ძმაც მეხმარებოდა."
ახალგაზრდა მეწარმის თქმით, ახალი საქმის წამოწყებისას ბევრი გამოწვევა დახვდა. პირველ რიგში, დაბაში არ არსებობდნენ სპეციალისტები, რის გამოც მას თავად მოუწია მასწავლებლების მოძიება და გადამზადება. მისი საქმისადმი სიყვარული ბევრისთვის მოტივაციისა და იმედის მიმცემი აღმოჩნდა. ასევე დიდი დაბრკოლება იყო შესაფერისი სივრცის პოვნა ცენტრის გასახსნელად, რაც კვლავ რჩება გამოწვევად, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ალტერნატიული სივრცის შესახებ. მოსახლეობაში ცნობიერების დაბალი დონე და სტიგმა სპეციალური საჭიროების ბავშვების შესახებ იყო ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რადგან ბევრმა მშობელმა ინკლუზიური განათლების, სპეციალური მასწავლებლის და სწავლების ინდივიდუალური მიდგომის შესახებ არაფერი იცოდა. ასევე, ბავშვის შეფასება და სსსმ სტატუსიც ბევრს აფრთხობდა, თუმცა მუშაობის შედეგად, მშობლები მიხვდნენ რომ დროულმა ჩარევამ და დახმარების აღმოჩენამ შეიძლება მოაგავროს პრობლემა და ბავშვს შესაბამისი სტატუსიც მოეხსნას, რისი არაერთი წარმატებული შემთხვევაც არსებობს. როგორც თავად ამბობს, ბავშვები მოკლე დროში აღწევენ საგრძნობ შედეგებს. შესაბამისად, თვითონ კმაყოფილი მშობლები ავრცელებდნენ ინფორმაციას ცენტრის შესახებ თავიანთ გარემოცვაში..
"ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრის არსებობა, რადგან ჩემს შვილს ჰქონდა ქცევითი პრობლემები, არ შეეძლო ემოციების მართვა, უჭირდა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა და დღეს ცენტრში სიარულის შედეგად, ეს პრობლემები უკვე თითქმის აღმოფხვირილია. ორი წელია, რაც ცენტრის სერვისით ვსარგებლობთ, თავიდან მას სჭირდებობდა ინდივიდუალური თერაპიები ფსიქო-ემოციური კუთხით, მაგრამ მას მერე რაც ბავშვმა დაიძლია ეს პრობლემა, ახლა უკვე ის ჯგუფურ აქტივობებშია ჩართული და სხვა ბავშვებთან ერთად გადის ლოგიკის კურსს. ამ ცენტრის გახსნის საჭიროება ნამდვილად იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლავ გააგრძელოს ფუნქციონირება, რადგან ყოველთვის არსებობს ბავშვების ის კატეგორია, რომელსაც მხარდაჭერა ესაჭიროება," აღნიშნავს ერთ-ერთი მშობელი.
ცენტრს მართლაც დიდი დატვირთვა აქვს რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად ადგილობრივი მოსახელობა სარგებლობს, იქ ასევე დადიან ბავშვები ბულაჩაურიდან, ანანურიდან, არაგვისპირიდან და სხვა ახლომდებარე სოფლებიდან. მეზობელი სოფლებიდან რთულია თბილისში ჩასვლა და დიდი გზის გავლა საჭირო სერვისის მისაღებად. შესაბამისად, მათთვის გაცილებით მოსახერეხებელია ჟინვალში ბავშვების ტარება.
მარიამს წინ დიდი გეგმები და მიზნები აქვს. ცენტრის გაფართოებასთან ერთად, ის ასევე სოციალური საწამოს გახსნასაც გეგმავს, სადაც უკვე თავად აწარმოებს სწავლისა და განვითარებისთვის საჭირო რესურსებს და თამაშებს. სწორედ ამ მიზნის მიღწევაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირისა და World Vision საქართველოს მხარდაჭერა. მარიამი ის ერთ-ერთი ახალგაზრდა მეწარმეა, რომელმაც სხვა მეწარმეებთან ერთად მონაწილოება მიიღო World Vision საქართველოს პროექტში SKYE NET "ცოდნისა და უნარების გაძლიერების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის" და ასევე გაიარა სოციალური მეწარმეობისა და ბიზნესის კურსები. შედეგად მისმა ბიზნეს პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა და მას ევროკავშირის ფინანუსრი მხარდაჭერით გადაეცა 15 000 ლარის ღირებულების ლაზერის საჭრელი აპარატი, რომელიც მისი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული პროექტი მხარს უჭერს ახალგაზრდა მეწარმეებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული სოციალური მეწარმეობის განვითარებას ქვეყანაში.
"აქ დაბრუნებამ და ბავშვების საჭიროებებმა დამარწმუნა რომ აქ უნდა იყოს ჩემი სოციალური საწარმო. საწარმოს გახსნით შევძლებ დასაწყისისთვის კიდე ორი ადგილობრივი ახალგზარდა დავასაქმო, გრაფიკული დიზაინისა და ლაზერის აპარატზე მუშაობის მიმართულებით. რეგიონში დასაქმების შესაძლებლობები ძალიან მწირია. ახალგაზრდები ძირითადად თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში მიდიან სასწავლებლად და სამუშაოდ. მე კი ადგოლობრივი ახალგაზრდებისთვის მინდა მაგალითი ვიყო და მივცე შესაძლებლობა იმუშაონ იქ, სადაც ცხოვრობენ. უკვე მაქვს ბიზნეს გეგმა და სათამაშოების პატენტები, რაც საკუთარი ხელით დავამზადე. სპეციალური დანადგარის მეშვეობით კი შევძლებ დამოუკიდებლად ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას და რეალიზაციას, რათა ნებიმისერმა მშობლემა, სკოლამ თუ ბაღმა შეძლოს მათი გამოყენება ბავშვებთან. ეს დამხმარე რესურსები ძალიან სასარგებლოა ბავშვების განვითარებისთვის, რადგან მუშაობს კონცეტრაციისა და ყურადღების გაუმჯობესებაზე; ასევე, ნატიფი მოტორიკის, ლოგიკური უნარების და მეტყველების განვითარებაზე. ცენტრის გაფართოებით კი შევძლებთ მეტად მრავალფეროვანი სერვისები დავნერგოთ და მოვიცვათ მეტი ბავშვი, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ვფიქრობ, სწორედ ახალი შესაძლებლობების გაჩენით, მსგავსი პროექტების განხორციელებითა და დასაქმებით, არის შესაძლებელი რეგიონის განვითარება, ჯანსაღი გარემოს ფორმირება და ახალგაზრდების გადინების შემცირება, რაც ასევე მწვავე პრობლემაა რეგიონებში."