Sponsored Content

გურჯაანში მზე ცოტა დიდხანს ჩერდება, გამორჩეულად ანათებს და ყურძნის მტევნებსაც განსაკუთრებულად ათბობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ღვინის ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანმა ვაზის ნაყოფი არამხოლოდ გასინჯა, არამედ მის მოშინაურებას, შერჩევას მიჰყო ხელი. ეს დაახლოებით 10 000 წლის წინ მოხდა, როცა ადამიანმა ვაზის ნაყოფის დადუღების პროცესი აღმოაჩინა, ტყეში მისი მოპოვების ნაცვლად თავის საცხოვრებელთან ახლოს გადმოიტანა. შეარჩია კარგი ჯიშები და ვაზის გაკულტურება დაიწყო.

ქართული ღვინის სრულყოფილება ადგილობრივი ჯიშების ფართო სპექტრის, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გამორჩეული თანაფარდობით და უნიკალურობითაა განპირობებული. კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია, საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი ვენახებითა და ყურძნის ჯიშებით.

ტრადიციული კახური ღვინის გარდა, კახეთში გავრცელებული ვაზის ჯიშებიდან დგება ძალიან კარგი ევროპული სტილის ღვინო. მაგალითად, რქაწითელისა და კახური მწვანეს მონაწილეობით დგება ცნობილი ქართული ღვინო "წინანდალი". კახეთის რეგიონში ყველაზე გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია საფერავი. მისგან ამზადებენ როგორც ქვევრის, ასევე ევროპული სტილის ღვინოებს. საფერავისგან დგება შესანიშნავი ვარდისფერი და ცქრიალა ღვინოებიც. კახეთმა საუკუნეების განმავლობაში შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის ორიგინალური ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება მსოფლიოში არსებული ღვინის ამ ტიპისგან. იგი გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთებისა და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჯიშური არომატითა და გემოთი.

მაგალითად, "ქისი" კი, მეღვინეებმა სულ რაღაც ხუთი-ექვსი წლის წინ გაიხსენეს. გაიხსენეს და დაუვიწყარიც გახადეს. "ქისი"- განწყობის ღვინო, კახეთის მდიდარ ნიადაგზე გაშენებული ნაკლებად გავრცელებული განსაკუთრებულად შერჩეული ქისის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება. "თეთრი მშრალი, ბუნებრივად ნახევრად-ტკბილი, მაღალი ხარისხის, ცინცხალი და სათუთი ღვინო, რომლის ერთი ყლუპი და აივსები მისი სიხალასით,"- ასე აფასებენ მას ენოლოგები, სომელიები და უბრალოდ, ისინიც კი, ვინც ერთხელ მაინც დააგემოვნა.

ერთმა უცხოელმა სტუმარმა გურჯაანში სტუმრობისას, "ქისის" დაგემოვნებისას აღნიშნა: "ამას თუ ახლა არ დავიმახსოვრებ, ალბათ ვერასოდეს გავიმეორებ..." თავმომწონე ქისის სურნელებამ უცხოელი მოგზაური ერთი წლის შემდეგ იმავე ეზოში, იმავე ქვევრთან, ამჯერად, მეგობრებთან ერთად დააბრუნა, რათა კვლავ ეგრძნო მისი გემო და ძალა. მასპინძლისთვის ეს იყო ყველაზე ტკბილი დაბრუნება, სტუმრებისთვის კი, ნამდვილ ღვინოსთან მეგობრობის ახალი დასაწყისი. აი, ასეთ ამბებს ჰყვებიან გურჯაანელები და თავს სწორედ, სტუმარმასპინძლობითა და ღვინის გამორჩეული გემოებით იწონებენ.

გურჯაანი მართლაც, რომ ის მხარეა, სადაც მზე ცოტა დიდხანს ჩერდება, გამორჩეულად ანათებს და ყურძნის მტევნებსაც განსაკუთრებულად ათბობს. ამიტომაც არის გურჯაანი ქართული ღვინის უდიდესი საიდუმლოების საცავი. აქ დაწურული ღვინის ყოველი წვეთი გვაბრუნებს ბავშვობის ეზოში, მზით გაბრწყინებულ ვენახში და მიწის სუნს გვაგრძნობინებს.

11 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში გამართულ "გურჯაანის ღვინის ფესტივალზე", სწორედ, ასეთი ისტორიები გაცოცხლდება. აქ დააგემოვნებთ წითელ, თეთრ და ქარვისფერ ღვინოებს, რომელიც დროში მოგზაურობას ჰგავს, გაიცნობთ მევენახეებს, რომლებიც თავიანთ ისტორიებს გულით გიამბობენ და სურვილს გიათმაგებენ აუცილებლად უკან დაბრუნდე. ეს არის ადგილი, სადაც სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებულ თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინოა, რომელიც გემოების, არომატებისა და შეგრძნებების პოლიფონიაა. ფესტივალი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა დააგემოვნო საუკეთესო ღვინოები, მოუსმინო სასიამოვნო მუსიკას და შეიგრძნო ნამდვილი შემოდგომის განწყობა.