Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რეგიონის მთავარი მოვლენა კრეატიულ ინდუსტრიაში, 3-დღიანი პროგრამით ბრუნდება! კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 11-13 სექტემბერს, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართება და საკომუნიკაციო ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს.
უკვე წლებია, რაც Ad Black Sea რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური თავშეყრის ადგილად იქცა - სადაც დარგის წარმომადგენლები პროფესიულ გამოცდილებას და ცოდნას იღრმავებენ. გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე ორგანიზატორები 1400-მდე ქართველ და უცხოელ დელეგატს ელიან.
"როგორც ყოველთვის, პროგრამაზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ, შესაბამისად შევძელით ისეთი ვარსკვლავების კალენდარში ადგილის დაკავება, როგორებიც არიან: ბრაზილიელი ფერნანდო მაჩადო (Fernando Machado) - Burger King-ის, Dove-ის თუ Call of Duty ლეგენდარული კამპანიების ავტორი. ფერნანდოს მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე ინოვაციურ მარკეტერს მსოფლიოში (Business Insider), Forbes-ის მიხედვით ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მარკეტერების სამეულშია, Adweek კი მას ბრენდინგის გენიოსს უწოდებს. პორტუგალიელი უგო ვეიგა (Hugo Veiga), რომელსაც უმუშავია ისეთ გლობალურ ბრენდებთან და ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: Nike, Google, Tiktok, ლედი გაგა, ელტონ ჯონი და რომელსაც წელს კანის ფესტივალზე უმაღლესი ჯილდოს, Titanium-ის ჟიურის წევრობა ანდეს.
გავიცნობთ სამარ მააკარუნსაც (Samar Maakaroun), ლიბანელ-ბრიტანელ დიზაინერს, რომელიც ლეგენდარული დიზაინ სტუდიის, Pentagram-ის პარტნიორია. ვიზუალურ სიამოვნებას მოგვანიჭებს ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერის (John Stanmeyer) ღრმა და მრავლისმთქმელი ფოტოები, გავეცნობით წლევანდელი ოსკაროსანი ანიმაციის FLOW-ს შექმნის ისტორიას.
UN WOMEN-თან პარტნიორობით, შევძელით პროგრამის ნაწილი გამხდარიყო ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი რებექა რაუნთრი (Rebecca Rowntree), რომელმაც გაგვიზიარა, რომ მსოფლიოს AI პროფესიონალებიდან, მხოლოდ 22%-ია ქალი.
ხოლო თიბისი ბანკთან ერთად, ტრადიციულად ვუმასპინძლებთ არაერთ საინტერესო სესიას, მათ შორის 25-წლიანი გამოცდილების მქონე ტიმ ლიქის (Tim Leake) გამოსვლას კოლაბორაციის თემაზე და მისსავე ვორკშოპს, სწრაფი იდეების გენერირებაზე.
წელს პირველად წარვადგენთ CREATOR STAGE-ს, სადაც კრეატორებზე და ინფლუენსერ მარკეტინგზე ვისაუბრებთ, რადგან ეს მიმართულება თანამედროვე მარკეტინგის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
ეს პროგრამის მხოლოდ ნაწილია. ფესტივალის სამივე დღე დატვირთული იქნება საინტერესო გამოსვლებით, რომელიც არცერთმა მარკეტერმა თუ სააგენტოში მომუშავე ადამიანმა არ უნდა გამოტოვოს" - ამბობს ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ცინცაძე.
ტრადიციულად, ფესტივალს ახალი ბრენდინგი აქვს. FireWorks in Creative Resistance - ასე ჟღერს 2025-ის სლოგანი. ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია ფეიერვერკს შემოქმედებითი პროცესის სიმბოლოდ იყენებს. კრეატიულობას ბევრი "მტერი" ჰყავს - გადაწვა, უსამართლობა, მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, პოლიტიკური, სოციალური პროცესები და სხვა. მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის ნაპერწკალი, რაც შემოქმედებითობას აღვივებს. სწორედ ამ იდეის გარშემო ბრუნავს წლევანდელი ღონისძიება.
ბრენდინგის ნაწილია შემოქმედებითი წინააღმდეგობის კონცეფციაც, "In Creative Resistance" Ad Black Sea-ს გუნდმა პირველად მაისში, თბილისში ჩატარებულ დიზაინის ფესტივალისთვის შექმნა და ამ თემის ირგვლივ პოსტერების კონკურსიც დაანონსა, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ნამუშევრები, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში გრაფიკული დიზაინის თანამედროვე ლეგენდამ, პოლა შერმა (Paula Scher) შეაფასა. მათი ნახვა სექტემბერში Ad Black Sea-ს სტუმრებს - ბათუმში, ხოლო ფართო აუდიტორიას ფესტივალის ვებ გვერდზე შეეძლება.
ფესტივალის უცვლელი ნაწილია კონკურსიც. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 13 ნომინაციაში (ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია და სხვა) შეეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 20 ქვეყნიდან მოწვეული, 28 ჟიურის წევრი შეაფასებს. უკვე მესამე წელია თიბისისთან ერთად კონკურსს აქვს მე-14, Young Creative-ის კატეგორიაც.
"წელს გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, რაც Ad Black Sea-ს კრეატიული ინდუსტრიის გლობალურ რუკაზე კიდევ უფრო მკვეთრად მონიშნავს: დაარსების დღიდან, ფესტივალი ADCE (Art Directors Club Europe)-ის ოფიციალური ლოკალური პარტნიორია, რაც Ad Black Sea-ს კონკურსში გამარჯვებულებს გზას უხსნის ADCE-ს კონკურსში მოსახვედრად. წელს, ADCE-ს მფლობელი კომპანიისგან, ამერიკული The One Club For Creativity-სგან შევიძინეთ საკონკურსო პლატფორმა. ეს ნიშნავს, რომ ბათუმში, შემდეგ კი ADCE-ს საკონკურსო პროგრამაში გამარჯვებულ სააგენტოებს, კლიენტებსა თუ ინდივიდებს ეძლევათ შანსი, მოხვდნენ The One Club-ის გლობალურ რეიტინგში - რაც ჩვენს სფეროში უდიდეს მიღწევად ითვლება,"- ამბობს სოფო კეჩხოშვილი, Ad Black Sea-ს საკონკურსო პროგრამის დირექტორი.
ფესტივალს წელსაც ის ბრენდები უჭერენ მხარს, ვისთვისაც კრეატიული ინდუსტრიის განვითარება მნიშვნელოვანია. ფესტივალის გუნდთან ერთად, თითოეული მათგანი უამრავ საინტერესო გამოცდილებას უმზადებს ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს.
ფესტივალის პარტნიორები არიან: TBC, MINI Georgia, Bakuriani, Karva, D Block, Nikora, Metable, Extra, UN Women, PSP x Mizon, Smartsoft, Setanta Sports, ROOMS Hotels, Industria, Georgian Sun, Windfor's Workshops, Windfor's, Tbilisi School of Communications, Biletebi.ge, Monkey Shoulder, Tene, Scrollex, Lumen, Stich, Mzetopshop, GGS Ads, Matarebeli Comics, Blue Ocean, GAMEZ Art Studio
ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.adblacksea.com