Sponsored Content

ფატალური ინციდენტები სამშენებლო სექტორში - გამოწვევები და გადაჭრის გზები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, სამშენებლო სექტორში 60 000-მდე ფატალური ინციდენტი ხდება ყოველწლიურად, ანუ ერთი ფატალობა - ყოველ 10 წუთში.

არც საქართველო არის გამონაკლისი, ჩვენთანაც არაერთი ფატალური ინციდენტი ხდება მშენებლობებზე.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები და დაინტერესებული მხარეები ერთხმად ასახელებენ პრობლების გამომწვევ რამდენიმე მიზეზს.

ერთ-ერთი პირველი მიზეზი არის სამშენებლო სექტორში დასაქმებული საშულო და მაღალი რგოლის პერსონალის დაბალი ცნობიერება შრომის უსაფრთხოების კუთხით. აღნიშნული პრობლემა ვლინდება პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების არასათანადო გაანალიზებასა და აღქმაში, ასევე მათი როლისა და ფუნქციების იგნორირებაში შრომის უსაფრთხოების მართვის პროცესში.

უფრო კონკრეტულად, სამშენებლო პროექტების საქმის მწარმოებლები და პროექტის მენეჯერები გაუცხოვებულნი არიან შრომის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების მიმართ; თვლიან, რომ ეს არ არის მათი დაფარვის სფერო და სრულ პასუხისმგებლობას აკისრებენ შრომის უსაფრთხოების პერსონალს. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, შ/უ მართვის ციკლი ვერ მუშაობს პროექტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების ჩაურევლად. აღნიშნული იწვევს მართვის ციკლის დევიაციებს, შესაბამისად, ხდება უამრავი ინციდენტის ტრიგერი.

საუკეთესო პრაქტიკა გვირჩევს - იმისათვის, რომ მივაღწიოთ უსაფრთხო ოპერირებას პროექტებზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შუა და მაღალი რგოლის თანამშრომლების ჩართულობა შ/უ -ის მართვაში, სადაც იკვეთება თითოეული ლიდერის როლი და ფუნქცია-მოვალეობა, კანონმდებლობის სრულად დაცვა, სტანდარტების პატივისცემა, დოკუმენტაციის ერთობლივი წარმოება და წილი პასუხისმგებლობის გათავისება.

მაგალითად: ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ,,რისკის შეფასების''დოკუმენტის შექმნასა და იმპლემენტირებაში შუა და მაღალი რგოლის მენეჯმენტი არ იღებს მონაწილეობას. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან მათ არ ესმით ამ დოკუმენტის სტრუქტურა და მნიშვნელობა, ასევე არ აინტერესებთ, თუ რა მიმართულებით ინერგება, ვინ არის სამიზნე ჯგუფი და რა ღირებულებები და თამასა აქვს ამ დოკუმენტს.

რისკის შეფასების დოკუმენტში ასახულია კონკრეტული საფრთხეები, ასოცირებული რისკები და შესაბამისი მაკონტროლებელი ღონისძიებები. სწორედ ეს დოკუმენტი შეიძლება იყოს უსაფრთხო ოპერირების გასაღები იმ შემთხვევაში, თუ მისი აღსრულება მოხდება ზემოთ ხსენებული პოზიციების მხრიდან. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სწორად აღსრულებას მინიმუმ სწორი სწავლება სჭირდება.

მენტალური აღქმა: სამშენებლო პროექტების ზოგიერთი მენეჯერი თუ საქმის მწარმოებელი, ქილიკით უყურებს შ/უ-ის პროცესებს, არც პროაქტიური და არც რეაქტიური პროცესები ,,ანაღვლებთ''. ხშირად შევხვედრილვართ ტრადიციულ მენტალურ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ,,მე ყველაფერი ნასწავლი მაქ დიდი ხნის წინ'' ან ,,მე წლებია ვმუშაობ და რა უნდა მასწავლონ'', ან ,,რა ჩემი საქმეა უსაფრთხოება, თუკი გვყავს შესაბამისი სპეციალისტი'' - სწორედ აქ გვაქვს უდიდესი ჩავარდნა და შეუსაბამობა საუკეთესო პრაქტიკასთან.

პრობლემის გადაჭრის გზები:

როგორც ბევრ წარმატებულ სახელმწიფოებშია ადაპტირებული და აპრობირებული (მაგ: ა.შ.შ. დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო და სხვა...), სახლმწიფო დონეზე უნდა მოხდეს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალური სასწავლო პროგრამის შემუშავება სამშენებლო სექტორში დასაქმებული შუა და მაღალი რგოლის ადამიანებისთვის (საქმის მწარმოებელი, პროექტის მენეჯერი, საინჟინრო ჯგუფი, გუნდის ლიდერები და სხვა კრიტიკული პოზიციაბი). შესაბამისმა ინსტიტუციამ უნდა დაავალდებულოს ამ კურსების გავლა და შესაბამისი ტესტების ბარიერის გადალახვა. სწორედ ამ პროცესის შემდეგ შეიძლება მიენიჭოს პიროვნებას ავტორიზაცია, იმუშაოს სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით. ავტორიზაცია უნდა გაიცეს გარკვეული ვადით 2-3 წლით, შემდეგ უნდა მოხდეს ტესტების საგამოცდო ნაწილის გადაბარება.

შეიქმნება ,,ავტორიზებული'' სპეციალისტების ბაზა სადაც, მათი დამატებითი კვალიფიკაციებიც შევა და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დეველოპერი თუ დაინტერესებული პირისთვის. გაიზრდება პერსონალის კვალიფიკაცია და აიწევს კონკურენცია დასაქმების კუთხით, რაც მათი შესაბამისი ანაზღაურების მარჟებს წაახალისებს.

შედეგები:

,,ავტორიზებული'' პერსონალის პირობებში მივიღებთ, რადიკალურად სხვა დამოკიდებულების ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული რაკურსით ხედავენ სამშენებლო პროცესებს - გადამწყვეტი როლი აქვთ უსაფრთხო გარემოს შექმნაში და ამ მისიას სრულად ითავისებენ, იციან კანონმდებლობის მოთხოვნები და მათი პოზიციების შესაბამისი ჩართულობის ზღვრები, სრულად არიან ჩართულნი უსაფრთხო პროცესების მართვაში და დოკუმენტაციის შემუშავებაში, ქმნიან ერთგვარ ,,უსაფრთხო ამინდს'' სამშენებლო მოედანზე, საიდანაც მაგალითს იღებს ყველა დასაქმებული. თავიანთი კომპეტანციის ფარგლებში აწარმოებენ სხვადასხვა შემეცნებით, თუ საინფორმაციო კამპანიებს უსაფრთხოების კუთხით მთელი პერსონალის მასშტაბით. სრულად აქვთ გაანალიზებული თავიანთი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, მუდმივად არიან კოლაბორაციაში შრომის უსაფრთხოების პერსონალთან და მონაწილეობას იღებენ უსაფრთხო გადაწყვეტილებების ძიებაში.

სამშენებლო მოედნებზე ჩნდება ,,ფენა'', რომელიც გარდა თავისი პროფილური საქმიანობისა, თანაბრად ოპერირებს უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში, ის არის მაგალითი ყველა დასაქმებულისთვის და შესაბამისად, საფუძველი ეყრება უსაფრთხო კულტურის პრინციპებს.

რეზიუმე:

მიგვაჩნია, რომ სამშენებლო სექტორის საშუალო და მაღალი რგოლის წარმომადგენლების ,,ავტორიზების პროგრამა'' არის პრიორიტეტული მიმართულება. სფეროში უსაფრთხოების გაჯანსაღება სწორედ მიზანმიმართული განათლებით უნდა დაიწყოს.

ამას გარდა, აუცილებელია სხვადასხვა განვითარების პროცესების არსებობაც, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს მკვეთრად შემცირებულ ფატალურ ინციდენტებამდე, გააუმჯობესებს მშენებლობის ხარისხსაც და დასაქმებულებში კვალიფიკაციის ამაღლების სურვილსაც გააჩენს.

ავტორი: შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ კომპანია ,,SafCo''-ს თანადამფუძნებელი, დავით თხელიძე